Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხაიძის თქმით, სააკაშვილს არ სჭირდება რეანიმაცია, თუმცა გადაიყვანენ, თუ თავად სურს


ზურაბ ჩხაიძე
ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანა არ ესაჭიროება, თუმცა კლინიკა წინააღმდეგი არ იქნება, თუ მას ეს სურს.

„როგორც ახსნა მკურნალმა ექიმმა, [სააკაშვილი] თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ ის იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს. ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ“, - განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს 1 თებერვალს.

მისივე თქმით, სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის სურვილი არ გამოუხატავს.

ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს მცირეკალორაჟიან საკვებს, იმ რაოდენობით, რაც მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელია. მისივე თქმით, ექიმებს სააკაშვილის გარემოცვისგან ესმოდათ, რომ ექსპრეზიდენტს უჭირს ყლაპვა და აქვს ღებინება. ამიტომ ენერგორესურსების შესავსებად მას შესთავაზეს პარენტერალური კვება.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება რეანიმაციაში თუ ინტენსიურ პალატაში. მთავარია, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, დაგვთანხმდეს და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ „მაგნიტსკის აქტის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.

XS
SM
MD
LG