Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ჩაერთო: "ვითხოვ ადეკვატურ მკურნალობას"


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 1 თებერვალს, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. მისი სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე მან რამდენიმეწინადადებიანი მიმართვა წაიკითხა.

"მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა და კრეატიული... ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის... თუ საჭიროა..." - ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ფრაგმენტი, მისი ნათქვამის გარჩევა შეუძლებელი იყო, ტექნიკური პრობლემების გამო.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის მეორე ნაწილი უკრაინულ ენაზე წარმოთქვა, რასაც თარჯიმანი ქართულ ენაზე თარგმნიდა.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას", - თქვა სააკაშვილმა.

თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად, ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა მაისური აიწია.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

როგორც კომპიუტერის ეკრანზე ჩანდა, მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა ჩახურა, სააკაშვილის კი მიმართა, რომ ჩაეცვა. რამდენიმე წამში მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა კვლავ გახსნა, თუმცა იმ მომენტისთვის მხოლოდ ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. სხდომა სააკაშვილის ადვოკატის თანხმობით, მოწმის გამოკითხვით გაგრძელდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ "მაგნიტსკის აქტის" ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.

XS
SM
MD
LG