Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: NCDC-ის მივწერე, გამოვთქვი ჩემი აზრი, მათ შორის - მწვავედ


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ ნამდვილად მისწერა ოფიციალური, საქმიანი წერილი NCDC-სა და ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა მის შინაარსზე საუბარი არ სურს.

ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, თამარ გაბუნიას მიმართ გამყრელიძის წერილი ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

"არ მინახავს, შემატყობინეს, რომ გავრცელდა და სამწუხაროა, რამეთუ მე საქმიანი წერილი ჩემი შეხედულებებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მივწერე და დავაკოპირე ასევე ეს წერილი სამინისტროსთან. რაც გავრცელდა და ინტერპრეტირებულია თუ არა, ზუსტად ვერ გეტყვით. რატომ გავრცელდა, ესეც არ ვიცი. ჩემი თხოვნა იყო, რომ ეს ყოფილიყო კონფიდენციალური, საქმიანი წერილი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართ. იქვე ვთხოვდი ჩემს თანამშრომლებს, რომ ეს არ გავრცელებულიყო. გასაჯაროება რომ მდომოდა, მე არ მიჭირს ეს, მაგრამ აღარ მინდა დისკუსიებში შესვლა...

მივწერე მათ, ვინც პასუხისმგებელია მთელ რიგ მიმართულებებზე და გამოვთქვი ჩემი აზრი, მათ შორის, რიგ შემთხვევებში - მწვავედ. დანარჩენს... შემდეგ ეს შედის გარკვეულ დაპირისპირებაში, პოლიტიკურში და აღარ მინდა. დავამთავრე, დავსვი წერტილი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ჩემი ოფიციალური ურთიერთობის. მეგობრები ბევრნი არიან და ვერავინ დამიშლის მათთან ურთიერთობას, არა? დავსვი წერტილი და გადავფურცლე კიდევ ერთი ფურცელი ჩემი კარიერის", - ამბობს ის.

ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ოფიციალურად ერთი წერილი ცენტრს გუშინ, 31 იანვარს, მისწერა. მანვე აღნიშნა, რომ მის წერილზე სამინისტროსგან ან NCDC-სგან პასუხი არ მიუღია.

საჯაროდ გავრცელებულ წერილში ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და NCDC-ის ახალ ხელმძღვანელს, თამარ გაბუნიას მიმართავს:

"ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის. სანთელ-საკმეველი თავის გზას ალბათ მაინც არ დაკარგავს! მოგეხსენებათ ხანგრძლივი სტაჟის ექიმი ვარ, ჰუმანურობა ჩემთვის როგორც თითოეული ნამდვილი ექიმისთვის მთავარი (ამოსავალი) პრინციპია და ყოველთვის ვცდილობ ვაპატიო ადამიანს გადაცდომები, მათ შორის მძიმეც, მაგრამ არასდროს არ უნდა იკვეთებოდეს წითელი ხაზები".

ამასთან ამირან გამყრელიძე წერილში, რომელიც "ფორმულამ" გაავრცელა, პასუხს ითხოვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან, რატომ არის მასთან „კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული, როგორც „კეთროვანთან“.

„თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა.

…გთხოვთ ოფიციალურად მომწეროთ ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება რათა დროულად მოვაგვარო სხვა მასთან დაკავშირებული ყოფითი საკითხები.

ასევე გთხოვთ ოფიციალურად განმიმარტოთ რატომ ხდება ასე, ანუ:

1. რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი მიუთითეთ ფაქტები.

2. რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“.

3. როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა ჩემს მიმართ. გაითვალისწინეთ რომ ასაკით თქვენზე ბევრად ხნიერი ვარ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეურაცხმყოფელი მეთოდებით. თავისთავად მე თვითონ მსგავსი არასდროს არ მიკადრია და არც გამიფიქრებია როცა თქვენნაირ თანამდებობებზე გახლდით. გაუფრთხილდით მთავარს ცხოვრებაში – ღირსებას და ნუ შელახავთ მას მერკანტილური და დროებითი ინტერესებით“, - წერს ამირან გამყრელიძე თამარ გაბუნიას, "ფორმულის" მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა NCDC-სა და ჯანდაცვის სამინისტროს. მათი კომენტარი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.

ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. 2022 წლის 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა.

"ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

XS
SM
MD
LG