Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: თანამდებობის დატოვებას ორი-სამი წლის შემდეგ ვფიქრობდი


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც უწყებას 10 წლის განმავლობაში, მათ შორის კოვიდპანდემიის დროს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ მისთვის სხვა ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებიათ. მან "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში თქვა, რომ თანამდებობის დატოვებას ჯერ არ აპირებდა.

"გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი / ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო", ასეა ნათქვამი ხომ? არაფერი უჩვეულო არ არის, მსგავსი განმეორდა რამოდენიმე ქვეყანაში...

თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს... ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - ამბობს ამირან გამყრელიძე და დასძენს, რომ, დიდი ალბათობით, საჯარო სამსახურში აღარ დაბრუნდება.

კითხვაზე, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფიქრობს თუ არა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით "რუსეთის სურვილები შეიძლება იყოს გათვალისწინებული", გამყრელიძე ასე პასუხობს:

"ეს ღმერთმა არ ქნას. ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს საგანძური. მე ამაყი ვარ იმით, რომ 2001-2003 წლებში გარკვეული როლი მიმიძღვის ამ დიდი პროგრამის საქართველოში დაწყებაში, როდესაც მოიაზრებოდა ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება".

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით თქვა, რომ "საბედისწერო შეცდომა არ დაუშვიათ":

"ჩვენ ეს პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა".

ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა.

"ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

XS
SM
MD
LG