იტალიაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა შორის გათამაშდა მედლები და კვარცხლბეკზე ქართველი სპორტსმენიც ავიდა - 15 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, სუპატაშვილი მეხუთე ადგილს იკავებდა 65,12 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 123,88 ქულა დაიმსახურა, რაც დღის საუკეთესო შედეგი იყო და ორი დისციპლინის ჯამში მეორე პოზიციამდე დაწინაურდა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ქართველ მოციგურავეებს აქამდე ორი მედალი ჰქონდათ. კონსტანტინე სუპატაშვილის წარმატებამდე, 1997 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე ვახტანგ მურვანიძე დაეუფლა ვერცხლს, 2017 წელს კი ნიკა ეგაძე გახდა ბრინჯაოს პრიზიორი.
ევროპის 2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 21 იანვარს დაიწყო და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში სპორტის ცამეტ სახეობაში ორმოცდაშვიდი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ. საქართველო სპორტის ოთხ სახეობაშია (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) წარმოდგენილი, რვა სპორტსმენით.