Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იღუმენია თამარ მარჯანიშვილი - წმინდანად აღიარებული მონაზვნის ისტორია 


ბოდბის იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი)
ბოდბის იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი)

თამარ მარჯანიშვილმა, ბოდბის მონასტრის იღუმენიამ, რომელიც 20 წლისა აღიკვეცა, მთელი ცხოვრება რუს ეგზარქოსებსა და რევოლუციონერებთან ჭიდილში გაატარა. ციმბირში კომუნისტების გადასახლებული მონაზონი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

თამარი ალექსანდრე მარჯანიშვილისა და ელისაბედ ჭავჭავაძის შვილი იყო. მისი დედა ყვარლის ჭავჭავაძეების შტოს ეკუთვნოდა, თუმცა ილია ჭავჭავაძეს არ ენათესავებოდნენ. არსებობს გადმოცემა (თუმცა დაუზუსტებელი), რომ ელისაბედსა და ილიას უყვარდათ კიდეც ერთმანეთი, მაგრამ, საბოლოოდ, ელისაბედი სამხედრო ინჟინერს, ალექსანდრე მარჯანიშვილს გაჰყვა ცოლად. მარჯანიშვილი ჭავჭავაძეების ოჯახში ზედსიძედ შევიდა.

თამარს ჰყავდა ორი ძმა, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი და ფოთის ლოცმანი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვლადიმერ მარჯანიშვილი. სწორედ ვლადიმერ მარჯანიშვილმა დააარსა საქართველოში საბავშვო თეატრი.

თავადის ასული მუსიკალური ნიჭით

თამარი დაიბადა 1869 წლის 1 აპრილს. კარგი ხმა და სმენა ჰქონდა, ამიტომ კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, კონსერვატორიაში სასწავლებლად პეტერბურგში წავიდა.

მაგრამ თამარს ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ - დედა. იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო და ყვარლის მამულების მართვა ეთავა.

20 წლის იყო თამარი, როდესაც დეიდასთან სიღნაღში ჩავიდა სტუმრად და ბოდბის მონასტერი მოინახულა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო. ნათესავები და ახლობლები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ, სახლში კეტავდნენ ან ძალით დაჰყავდათ წვეულებებზე. შემდეგ იხსენებდა, თეატრში ვიჯექი, ჯიბეში კი სკვნილს ვმარცვლავდიო. საბოლოოდ, 1889 წლის შემოდგომას სახლიდან გაიპარა და წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. მას იუბენალია უწოდეს. იმ ადამიანის სახელი, რომელიც იმ დროს ბოდბის იღუმენია იყო.

„იღუმენიასთან თამარი ძალიან დაახლოვდა, ალბათ მისი განათლებისა და სულიერების გამო. მის პირად მორჩილებაში იყო“, - ამბობს ბოდბის მონასტრის მონაზონი რაქილი (ბუაძე).

ბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი

ბოდბის მონასტერმა გამოსცა წიგნი თამარ მარჯანიშვილის შესახებ, სადაც წერია, რომ ბოდბეში მისულმა ახალგაზრდა მონაზონმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გამოქვაბულის თხრა დაიწყო, უნდოდა იქ დაყუდებულიყო. განმარტოება არ დასცალდა. რამდენიმე წელიწადში ის ბოდბის იღუმენიად გაამწესეს, მონაზონი იუბენალია იღუმენია იუბენალია II გახდა.

თავდასხმა ილიას მკვლელობის შემდეგ

ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ეკლესიას რუსი ეგზარქოსები მართავენ. წირვა-ლოცვა რუსულად ტარდება. პოლიტიკური ვითარებაც მყიფე და დაძაბულია. ახალმა იღუმენიამ ბოდბის მონასტერში ქართული წირვა-ლოცვა აღადგინა. მფარველობდა ყველას, ვისაც იმ მძიმე დროს დახმარება დასჭირდებოდა. მონასტერში ადგილობრივი გოგონებისთვის ორკლასიანი სკოლა ჰქონდა, ქალთა სასწავლებლის დაარსებაც უნდოდა, მაგრამ იღუმენია ბოდბეს მოაშორეს და მოსკოვში გადაიყვანეს.

„არის ვერსია, რომ კავშირი ჰქონდა აჯანყებულებთან. ქართველი არ იყო მათთვის [რუსი ეგზარქოსებისთვის] სანდო. ალბათ უნდოდათ მის ადგილას ვინმე ეროვნებით რუსი დაეყენებინათ“, - ამბობს მონაზონი რაქილი.

1907 წლის შემოდგომას, სამიოდე თვის შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს, თბილისიდან ბოდბის მონასტერში მიმავალ ეტლს თავს შეიარაღებული ჯგუფი დაესხა. ეტლში იჯდა იღუმენია, მისი რძალი ორი პატარა ბავშვით და მორჩილი ელენე ვაჩნაძე. იღუმენიამ ეტლიდან გადასვლა გადაწყვიტა, რადგან ფიქრობდა, რომ დამხვდურებს მისი მოკვლა სურდათ, მაგრამ დანარჩენმა მგზავრებმა არ დაანებეს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა მეეტლე და დაცვის რაზმელი, მძიმედ დაიჭრნენ კონდუქტორი და მსახური. მოკლეს ოთხივე ცხენი, ტყვიებით დაცხრილეს ეტლი. თუმცა, დანარჩენებს არაფერი დაშავებიათ.

მალე იღუმენიამ პეტერბურგიდან მიტროპოლიტ ვლადიმერის დეპეშა მიიღო: „გამხნევდით, მოსკოვში გადაგიყვანენ“. მართლაც ათიოდე დღეში მოსკოვის პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად დანიშნეს. მოსკოვში გადაყვანა მისთვის, და არა მხოლოდ მისთვის, გადასახლების ტოლფასი იყო.

მისი სულიერი შვილი, მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა) წიგნში „მოგონებები დედა თამარზე“ წერს: „მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იგი მისი საყვარელი ბოდბის მონასტრიდან მოსკოვში გადაიყვანეს და პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად დანიშნეს. დედა თამარს არ უყვარდა თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება... ცოტას საუბრობდა მასზე, ვფიქრობ, მას დიდად არ უყვარდა პოკროვის საზოგადოება“.

მარჯვნივ თამარ მარჯანიშვილი
მარჯვნივ თამარ მარჯანიშვილი

თუმცა, მოგვიანებით თამარ მარჯანიშვილმა რუსეთში დააარსა სერაფიმე-ზნამენსკის სახელობის სკიტი (პატარა და შედარებით ჩაკეტილი ცხოვრების წესის მქონე მონასტერი), ქვედა სართულზე წმინდა ნინოს სახელობის საკურთხევლით. პირველი მსოფლიო ომის დროს სკიტთან ჰოსპიტალი გახსნეს. აქ მკურნალობდნენ დაჭრილებს, რომლებიც ე. წ. მეგრელთა პოლკის წევრები იყვნენ.

„...თამარმა ყველაფერი იღონა მათ გადასარჩენად. რამდენიმე დღის განმავლობაში მათთვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას ასისტენტობდა კიდეც“, - წერს თავის მოგონებებში მათემატიკოსი ანდრო ბიწაძე.

1915 წელს იღუმენია იუბენალია დიდ სქემაში (მონაზვნობის საბოლოო საფეხური, ხარისხი. რ.თ.) აღკვეცეს და ისევ თამარი უწოდეს.

„...ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობდით სულიერებას. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლასა და დალაპარაკებას. მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უკეთ, მორიდება, შიშნეულობა, მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი, საოცრად დიდრონი შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეს მაინც შეენარჩუნებინა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა კავკასია, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. უყვარდა სამშობლო, მონაზვნები და ბავშვები...“ - წერს მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა).

ციხე და ციმბირი

1931 წლის ზაფხულში დედა თამარი დააპატიმრეს და ირკუტსკთან გადაასახლეს. მას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული გლეხებისადმი თანაგრძნობა ედებოდა ბრალად.

„ძნელი სათქმელია რატომ დააპატიმრეს, ალბათ ისევ იმიტომ, რომ საბჭოთა რეჟიმისთვის სანდო არ იყო. მაშინ მოსკოვთან ცხოვრობდა თავის დედებთან ერთად. პატარა არტელი ჰქონდათ და საბნებს კერავდნენ. როდესაც მონასტრები იხურებოდა და მონაზვნები ერში რჩებოდნენ, ასეთ არტელებს აარსებდნენ, რომ ხელსაქმით თავი ერჩინათ. რომ დააპატიმრეს, კრიმინალებთან ერთად ჩასვეს საკანში. სხვათა შორის, ისინიც პატივს სცემდნენ მას. სულიერი ძალის მქონე ადამიანებს ძალიან დიდი ხიბლი აქვთ, ამას კრიმინალებიც კი გრძნობდნენ, ბოლშევიკებისგან განსხვავებით“, - ჰყვება მონაზონი რაქელი.

გადასახლებიდან მოწერილ წერილებში დედა თამარი ხშირად გამხმარ ყვავილებს დებდა. ციმბირულ სიცივეში ეს ყვავილები მანიჭებენ სიხარულსო. ლექსებსაც წერდა:

„...და მჯერა, ამ სიბინძურის მიღმა

სული იხილავს იმ ბაღს სანუკვარს,-

სად ყოველივე ნათლით მოსილა –

ყვავილთა ცვენას ბოლო არ უჩანს“.

მისი ძმა, კოტე მარჯანიშვილი ცდილობდა გაციმბირებული დისთვის რამე ეშველა. ბევრი ნაცნობი და გავლენიანი პირი შეაწუხა. დედა თამარი მართლაც ორი წლით ადრე გამოუშვეს, მაგრამ კოტე ამას ვეღარ მოესწრო, 1933 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა.

კოტე მარჯანიშვილი
კოტე მარჯანიშვილი

დედა თამარი თავის აშენებულ სკიტში შერყეული ჯანმრთელობით დაბრუნდა - ციმბირში ყელის ტუბერკულოზი დამართოდა. დიდხანს აღარ უცოცხლია, 1936 წლის 10 ივნისს, 67 წლისა გარდაიცვალა. მოგვიანებით ის ჯერ საქართველოს ეკლესიამ შერაცხა წმინდანად, შემდეგ კი რუსეთის.

„მას უწოდეს აღმსარებელი. ასე უწოდებენ მაშინ, როდესაც ადამიანმა დევნა, წამება განიცადა, მაგრამ ამით არ გარდაცვლილა. როდესაც რუსეთის ეკლესიამაც შერაცხა წმინდანად, მისი ნაწილები ვედენის სასაფლაოდან აღმოიყვანეს და მისივე დაარსებულ სკიტში გადაასვენეს. ეს სკიტი დღემდე მოქმედია. წმინდანის პატარა ნაწილი ბოდბის მონასტერსაც მოგვცეს. საქართველოში წმინდა ნაწილების აღმოყვანების ტრადიცია არ გვაქვს, ერთადერთი მამა გაბრიელის შემთხვევაში მოხდა ასე, მაგრამ რუსეთის ეკლესიაში არის ასეთი წესი“, - ამბობს დედა რაქილი.

ერთ-ერთ თავის წერილში თამარ მარჯანიშვილი წერს:

„...რაც შემეხება მე, ვცხოვრობ და ყოველივესთვის ვმადლობ უფალს. ნებისმიერი გასაჭირისა და ნაკლულოვანებისთვის. ყველაფერში მხოლოდ ღვთის უდიდესი წყალობა მჟღავნდება. მე ისე განებივრებული ვიყავი ცხოვრებაში, რომ ხშირად მითქვამს, სურვილიც კი არაა საჭირო, საკმარისია გაფიქრება და მყისვე ისე კეთდება, როგორც მინდა. ასეა დაბადებიდან აგერ ამ უკანასკნელ დღემდე. ასე ძნელი იქნებოდა ზეციურ სასუფეველში მოხვედრა, უფალს კი, თავისი გულმოწყალებით, მწამს, არ სურს, მომაკლოს იგი. საჭიროა, ცხოვრებაში თუნდაც რაღაც სიმძიმე გადაიტანო. ახლა მხოლოდ ერთს ვითხოვ, დაე, ცხოვრებაში მხოლოდ ის მოხდეს, რაც ღვთისთვის სათნოა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG