Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში განმარტეს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები რუსეთთან ომის შესახებ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიის მიმართვის შემდეგ გადაწყვიტა აეხსნა, რას ნიშნავდა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ბერბოკის სიტყვები ეწინააღმდეგებოდა კანცლერ შოლცის არაერთ საჯარო განცხადებას, რომ გერმანია არ უნდა იქცეს ომის მონაწილედ.

„ჩვენ ვაწარმოებთ ომს რუსეთის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ“, - ეს სიტყვები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 24 იანვარს თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას და მაშინვე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.

გერმანულმა გამოცემა Bild-მა განმარტებისთვის მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და 26 იანვარს მიიღო პასუხი, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი არის ომი ევროპული წესრიგის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგაც და მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ ამ ომს წინააღმდეგობა ერთად უნდა გაუწიოს. ოფიციალური კომენტარის თანახმად, საერთაშორისო სამართალი ცალსახაა, უკრაინას აქვს გაეროს წესდებით გამყარებული თავდაცვის უფლება და რუსეთის დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ამ უფლების განხორციელებაში მხარდაჭერა გერმანიას არ აქცევს კონფლიქტის მხარედ.

25 იანვარს, დიდხნიანი წინააღმდეგობის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას გადასცეს ტანკები Leopard 2. გარდა ამისა, ბერლინმა უკრაინაში Leopard-ების რეექსპორტის ნება დართო ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული წარმოების ეს ტანკები აქვთ.

XS
SM
MD
LG