უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ გული სტკივა იმის გამო, რომ საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც საომარ პირობებში კიევს მაქსიმალურ დახმარებას უწევენ.
"მე მესმის, რომ ეს არის ეპიზოდი, მესმის, რომ საქართველო იქნება ისეთი, როგორზეც ვოცნებობთ და იქ იქნება ისეთი მთავრობა, ვისაც ტაშს დავუკრავთ, მაგრამ დღეს გული მტკივა", - განაცხადა იუშჩენკომ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.
ინტერვიუში იუშჩენკო ამბობს, რომ 2007 წელს უკრაინამ საქართველოს გადასცა ყველა ის იარაღი, რასაც თბილისი ითხოვდა და დასძინა, რომ კარგად იცოდა, როგორი იქნებოდა პუტინისა და რუსეთის რეაქცია. "მიშას (სააკაშვილს) ვუთხარი: ეს არ არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება (იარაღის გადაცემაზე - რედ.), ეს ჩემი ერის გადაწყვეტილებაა", - ამბობს იუშჩენკო.
ინტერვიუში უკრაინის მესამე პრეზიდენტი იხსენებს 2008 წლის მოვლენებს - ბუქარესტში ნატოს სამიტსა და პოლონეთის პრეზიდენტთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად აგვისტოს ომის დროს თბილისში ჩამოსვლას. იუშჩენკოს თქმით, საქართველოში ვიზიტი, როდესაც რუსული ტანკები თბილისიდან 26 კილომეტრში იმყოფებოდნენ, მხარდაჭერისა და ერთიანობის ნიშანი იყო.
იუშჩენკომ ასევე გაიხსენა, თუ როგორ განიხილავდა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად საქართველოსთვის ომის დროს შეთავაზებულ ექვსპუნქტიან გეგმას.
"როდესაც სარკოზი მოსკოვიდან ექვსპუნქტიანი გეგმით ჩამოფრინდა, მე და ლეხს გვქონდა ასეთი პოზიცია: ეს არის კაპიტულაცია, ეს არის საქართველოს კაპიტულაცია", - განაცხადა იუშჩენკომ. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე საუბრისას მან, კერძოდ, თქვა, რომ თავის მეგობარს "ხასიათმა უღალატა."
„გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო“, - განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.
70-ზე მეტ ევროპელ პოლიტიკოსს შორის, 2021 წლის ოქტომბერში ვიქტორ იუშჩენკომაც მოაწერა ხელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით შედგენილ ღია წერილს.
ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2005–2010 წლებში. იგი 1993-1999 წლებში ქვეყნის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1999-2001 წლებში – უკრაინის პრემიერ-მინისტრი.