რუსეთი ცდილობს უკრაინასთან საომრად დაიქირაოს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
კერძოდ, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობს ასეთი პატიმრების აქტიურად დაქირავება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათზე, ვინც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.