Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. ინფორმაციას ხაჭაპურიძე "ფეისბუკით" ავრცელებს.

"სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ!" - წერს ხაჭაპურიძე.

კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში დაადასტურა ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

"ვინაიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ჩაითვალა საჭიროდ გაკეთებულიყო ჯერ სწრაფი ტესტი, დადასტურების შემდეგ კი - PCR ტესტი. მას ჰქონდა სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე...

მძიმედ არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არის აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა. კონსულტაცია გაეწია ინფექციონისტის მიერ, შედგა კონსილიუმიც და ჩამოვყალიბდით მკურნალობის სქემაზეც", - ამბობს ჩხაიძე და დასძენს, რომ ინფექციონისტები ინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ "მაგნიტსკის აქტის" ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.

XS
SM
MD
LG