Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოში დაჭრილი კაცის სასიცოცხლო მაჩვენებლები დასტაბილურდა, თუმცა მდგომარეობა მაინც მძიმეა


მამუკა ოთიაშვილი, საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის დირექტორი
მამუკა ოთიაშვილი, საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის დირექტორი

„მაჩვენებლები შედარებით დასტაბილურდა, თუმცა რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში. მართვით სუნთქვაზეა“, - უთხრა ჟურნალისტებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის დირექტორმა მამუკა ოტიაშვილმა 24 წლის ახალგაზრდა კაცზე, რომელიც 20 იანვრის ღამეს დაიჭრა.

მამუკა ოთიაშვილის თქმით, დილის მონაცემებით, კაცის მდგომარეობა ფასდება, როგორც დამაკმაყოფილებელი და მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში.

საგარეჯოს კლინიკაში ამ დროისთვის სულ სამ დაჭრილს მკურნალობენ.

საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, ხუთსართულიან კორპუსში საგამოძიებო სამუშაოები წუხელ გვიან ღამით დასრულდა. მოხსნილია საპოლიციო ლენტები, რომლითაც საცხოვრებელთან მისასვლელი გზები იყო გადაკეტილი.

სწორედ ამ კორპუსში გვიან ღამით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადაასვენეს 20 იანვრის ღამეს მეზობლის მიერ მოკლული ახალგაზრდები. საკუთარ სახლში გადაასვენეს საგარეჯოს პოლიციის უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილიც.

საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, სადაც მკვლელობა მოხდა, მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, სადაც მკვლელობა მოხდა, მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დილიდან 5-სართულიან კორპუსთან, ადგილობრივები მიდიან, ყვავილები მიაქვთ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კორპუსთან, სადაც შემთხვევა მოხდა, ამ დრომდე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მორიგეობს.

ბინა, რომლის ორი აივნიდანაც 48 წლის ნოდარ ათუაშვილი ისროდა, დალუქულია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ათუაშვილის გვამი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია.

პარალელურად გრძელდება გამოძიება. დღეს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარის თვითმხილველების გამოკითხვა გაგრძელდება.

უკვე გამოკითხეს ნოდარ ათუაშვილის ცოლი და ორი შვილი, თუმცა გამოკითხვის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა ისინი ისე გაიყვანეს შენობიდან, რომ ჟურნალისტებს მათთან გასაუბრების საშუალება არ მიეცათ.

20 იანვარს დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი, და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ დრომდე უცნობია მომხდარის მიზეზი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG