რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ალექსეი პავლოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განკარგულება 20 იანვარს გამოქვეყნდა, მასში ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწის გათავისუფლების მიზეზები აღნიშნული არ არის.
პავლოვის პიროვნება ფართოდ განიხილებოდა გასული წლის ოქტომბერში. მაშინ მან გამოაქვეყნა სტატია "არგუმენტი ი ფაქტიში", სათაურით "რას ამზადებენ "ჯადოქრების ქვაბში". უკრაინაში გაძლიერდა "ნეოწარმართული "კულტები". სხვათა შორის, ნათქვამია, რომ უკრაინა 2014 წლიდან, დასავლური "მანიპულაციებისა და პოლიტტექნოლოგიების" შედეგად, იქცა "ტოტალიტარულ ჰიპერსექტად" "ნეოწარმართული კულტებით".
პავლოვი ამტკიცებდა, რომ უკრაინულ საზოგადოებას მართავენ "ფანატიკოსები", რელიგიური სექტების მიმდევრები. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აუცილებელია უკრაინის "დესატანიზაცია" ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას. "ფანატიკოსთა სექტებს" შორის, რომელთაც უკრაინელების გონების თითქოსდა "გადაფორმატირება" მოახდინეს, პავლოვმა დაასახელა ლუბავიჩის ჰასიდიზმი - იუდაიზმის ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობა.
პავლოვის აზრით, "ლუბავიჩის ჰასიდების ცხოვრების მთავარი პრინციპია მისი მომხრეების უპირატესობა ყველა ერსა და ხალხზე". პავლოვი ასევე წერს, რომ თითქოსდა "ხაბად ლუბავიჩის" მოძრაობას მიეკუთვნებიან იგორ კოლომოისკი, ვიქტორ პინჩუკი და სხვა უკრაინელი ოლიგარქები.
რუსეთის მთავარი რაბინი, ბერლ ლაზარი უშიშროების კომიტეტის საბჭოს მდივნის თანაშემწის სტატიის მწვავე კრიტიკით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ მასში არსებული თეზისები შეურაცხყოფად ჩათვალა "მილიონობით მორწმუნე ებრაელმა, მათ შორის რუსეთის ებრაელების მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ".
რუსეთის ებრაელთა კონგრესმა საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის განცხადებების შეფასება სთხოვა. პავლოვის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია მის უფროსს, ნიკოლაი პატრუშევს. მან წერილი გაუგზავნა "ინტერფაქსს", სადაც აღიარა, რომ მისი თანაშემწის სტატია "შეიცავდა მცდარ მოსაზრებებს ლუბავიჩის ჰასიდებზე".
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, "მოცემული ინტერპრეტაცია ასახავს პავლოვის პირად თვალსაზრისს" და არ წარმოადგენს უშიშროების საბჭოს ოფიციალურ პოზიციას. პატრუშევმა ასევე დაწერა, რომ პავლოვთან "ჩაატარეს შესაბამისი სამუშაო".
არ არის ცხადი, უკავშირდება თუ არა პავლოვის გათავისუფლება იმას, რომ მის უფროსს მოუწია მის ნაცვლად ბოდიშის მოხდა.
იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომი თითქოს რაღაც ტრადიციული რელიგიური ფასეულობების ბრძოლას წარმოადგენს "სატანიზმის" წინააღმდეგ, ადრე რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებიც აცხადებდნენ, მათ შორის, პატრიარქი კირილი, რამზან კადიროვი, დმიტრი მედვედევი და თავად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. თუმცა, მათ ჰასიდები არ უხსენებიათ.