Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს


ნიკა მელია, ენმ-ის თავმჯდომარე.
ნიკა მელია, ენმ-ის თავმჯდომარე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს მთავრობის შესახებ და „ქართული ოცნების" საპასუხო კომენტარს. როგორც მელია ამბობს, რუსეთის ხელისუფლება აქებს საქართველოს მთავრობას.

„როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო, რუსეთს აქცევს სანქციების ქვეშ და ეს არის პროგრესული სამყაროს პასუხი, რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე.

როდესაც მიმდინარეობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი, შავს - შავი, თეთრს - თეთრი, ოკუპანტს - ოკუპანტი და ტერორისტს ტერორისტი.

როდესაც საქართველო მართალია ცივილიზებული სამყაროს წინაშე, ისე როგორც არასდროს და ჰყავს ამ სიმართლის დაცვაში პარტნიორები და თანამებრძოლები, იმდენი რამდენიც არასდროს ჰყოლია;

მაშინ როდესაც 2008 წლის რუსულ აგრესიას ჰქვია თავისი სახელი - ოკუპაცია და დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ რუსეთი, არსებული ინფორმაციით, ისევე როგორც ოკუპაცია, უნდა დასრულდეს.

აი ე.წ. რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისათვის, აქებს და ხარობს!

ფრენები რუსეთმა გააუქმა, მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე „ქართული ოცნების" ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა!

ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით, იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ.

ახლა კი, დაიწყო საუბარი აღდგენაზე - რით დაიმსახურა ამ ე.წ. სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებამ?!"
- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით".

„რუსეთს უხარია, რომ საქართველოში „ოცნების" ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში - რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე, როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.

მაშინ როდესაც რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, მაშინ, როდესაც რუსებისათვის ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება ხდება სირცხვილი და მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით.

დღეს რუსული ოცნების ხელისუფლებამ, ოფიციალურად, განაცხადა დასტური, რომ არ უერთდება ცივილიზებული სამყაროს სანქციებს რუსეთის მიმართ, პირიქით ეწინააღმდეგება და გვერდს უვლის მას!

დღეს რაც ხდება საქართველოში, უხარია რუსეთს!

საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არ დგანან მხოლოდ რუსული ოკუპაციის ხაზთან. ისინი არიან აქაც, ამ ქალაქში, ამ მთავრობაში „ქართული ოცნების" მმართველობის სახით

ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს
საქართველოს ევროპის კარს",
- თქვა მელიამ.

უკრაინის საგარეო უწყებამ ლავროვის და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებების შესახებ განაცხადა, რომ თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს.

სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის, „ალტ-ინფოს“, ჟურნალისტმა დაუსვა. შეკითხვა უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო არ მიუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მანვე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ იქნება.

17 იანვარს "პალიტრანიუსის" ეთერში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ "ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი - თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება".

XS
SM
MD
LG