Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხარაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რუსეთთან არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება


ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.

„ეს არის ის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც არა თუ ამ ხელისუფლებას აქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს და ასეთი პოზიცია ექნება. პასუხი არის ის, რომ ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ მოახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ სამხარაძემ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა NEWS.ru სთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.

გავრილოვის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარი. მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების მალე განახლებას იმედოვნებდა.

ფრენების აღდგენაზე ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი განცხადება რუსეთის მხრიდან. „ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებული, რომ ქვეყნის შიგნით დამატებით აჟიოტაჟი გამოეწვია ამ საკმაოდ ცუდ დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მიზნად ისახავდა ხელისუფლების ინტერესების დაზიანებას“ - თქვა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ლავროვის კომენტარზე ნიკოლოზ სამხარაძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ეს წინასწარ დადგმულ სცენას ჰგავდა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა, აქედან მალევე პასუხი იყო. ასე რომ, წინასწარ დადგმულ სცენას ჰგავს“, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

XS
SM
MD
LG