Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ვერტმფრენის კატასტროფის 3 ძირითად ვერსიას განიხილავს


ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი ქალაქ ბროვარიში. 2023 წლის 18 იანვარი
ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი ქალაქ ბროვარიში. 2023 წლის 18 იანვარი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. მათ შორისაა ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორტო საშუალების გასანადგურებლად.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მისი თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ტრაგედიის დეტალების და ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ცნობით, დაღუპულია -18.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან.

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ცნობით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ "ცხელ წერტილში", სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვერტმფრენის კატასტროფას საშინელი ტრაგედია უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ზელენსკის თქმით, დენის მონასტირსკი და მასთან ერთად მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყვნენ უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, ეროვნულ პოლიციასა და სხვა შესაბამის სამსახურებთან ურთიერთქმედებით დაადგინოს ყველა გარემოება.

XS
SM
MD
LG