Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება: 18-მდე გაიზარდა ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ვერტმფრენი ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. 2023 წლის 18 იანვარი
ვერტმფრენი ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. 2023 წლის 18 იანვარი

18 ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება იუწყება. მანამდე დადასტურებული იყო 16 ადამიანის, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის სიკვდილი.

ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ "ცხელ წერტილში", სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვერტმფრენი, რომელშიც პოლიციის ინფორმაციით, 9 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს დილით ჩამოვარდა ქალაქ ბროვარის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ, რამ გამოიწვია ტრაგედია - საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.

XS
SM
MD
LG