Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: უკრაინა კვლავაც მიიღებს შეიარაღებას, რომელიც წარმატებისთვის სჭირდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმ შეიარაღებით, რომელიც ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად სჭირდება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა 17 იანვარს ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბლინკენის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება ვითარდებოდა რუსეთის აგრესიის განვითარების შესაბამისად - „სტინგერიდან“ „ჯაველინსა“ და „ჰაიმარსამდე“ და შემდეგ „ბრედლიმდე“ და „პეტრიოტამდე“. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ უკრაინას მუდმივად აწვდის იმ შეიარაღებას, რომელიც ბრძოლის ველზე სჭირდება, რამაც უკრაინელი სამხედროების სიმამაცესთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა დღემდე მიღწეულ წარმატებებში და ეს პროცესი გაგრძელდება.

ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აშშ გამოაცხადებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ. 20 იანვარს, გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად აშშ-ის ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი 17 იანვარს, სატელეფონო საუბრისას განიხილეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, შოლცი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ მხარდაჭერა უნდა იყოს ეფექტიანი, მდგრადი და მჭიდროდ კოორდინირებული.

XS
SM
MD
LG