Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის არჩევნები ბლოკჩეინით - როგორ ხდება რეგისტრაცია, შემოწმება, კენჭისყრა


ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები: ნონა მამულაშვილი, ნიკა მელია (მოქმედი თავმჯდომარე), ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.
ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები: ნონა მამულაშვილი, ნიკა მელია (მოქმედი თავმჯდომარე), ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ. მანამდე კი, 13 იანვრიდან, პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 10 ათასამდე ამომრჩეველი.

ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან. მანამდე მათ ვინაობას სპეციალური კომისია საფუძვლიანად შეამოწმებს.

  • რატომ უნდა გაიარონ ამომრჩევლებმა რეგისტრაცია წინასწარ?
  • რა თავისებურებები აქვს, რა პრობლემები იჩენს თავს და რამდენად დაცულია არჩევნები ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით?

კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესი 13 იანვარს 16:00 საათზე დაიწყო და 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება. ენმ-ის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულია სპეციალური ბმული, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს რეგისტრაციის ფორმის შევსება შეუძლია. სისტემა ითხოვს საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, გვარს და მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც იგზავნება სპეციალური კოდი.

რეგისტრირებული ამომრჩევლების ბაზის შედგენა ხდება პირდაპირ ბლოკჩეინის პლატფორმაზე. ენმ-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პროცესში კონტრაქტორად ამერიკული კომპანია Voatz-ი შეარჩიეს.

ბლოკჩეინი მონაცემთა ბაზის დაცული სისტემაა. მონაცემები ინახება არა ერთ კომპიუტერში, არამედ ის ხელმისაწვდომია ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერისთვის. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ყველაზე ცნობილი მაგალითი ბიტკოინების ელექტრონულ ვალუტას უკავშირდება. დაცულობის ხაზგასასმელად, სპეციალისტები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ სისტემა აღრიცხავს ყველა მოქმედებას, რომელიც ხორციელდება ამა თუ იმ კომპიუტერიდან. შესაბამისად, შეუძლებელია მანიპულირება და მონაცემების გაყალბება მხარეებს შორის.

ბოსტონში დაფუძნებული კერძო კომპანია Voatz-ი მომხმარებლებს კენჭისყრის „უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე“ პროცესს სთავაზობს. Voatz-ის მიერ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით შექმნილი აპლიკაცია გამოყენებულია როგორც აშშ-ში, ასევე სხვა ქვეყნებში. საჯაროდ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ Voatz-ის აპლიკაცია 2020 წელს ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამოიყენა.

სხვადასხვა საარჩევნო პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ბლოკჩეინის შესაძლებლობებს ევროპაშიც იყენებენ.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, მიხეილ ბასილაიას თქმით, "100%-იანი დაცულობა არცერთ სისტემას არა აქვს"; თუმცა, "როგორც ბლოკჩეინის ტექნოლოგიით, ასევე სხვა ტექნოლოგიებით, შესაძლებელია ისეთი სისტემის აწყობა, რომელსაც ექნება მაღალი დაცვა და ძალიან რთული იქნება მონაცემების გაყალბება".

აუცილებელია თუ არა, რომ რეგისტრაციის მსურველს ჰქონდეს საკუთარი ფეისბუკანგარიში?

კი, ეს აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც ენმ-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი წერს პარტიის ფეისბუკპოსტის კომენტარებში, „თამაშგარე მდგომარეობაში“ რჩება მისი მეუღლე, რომელიც ამ სოციალურ ქსელს, უკვე დიდი ხანია, არ იყენებს. ენმ-ში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ „პოლიტიკური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, ფეისბუკი ამ პროცესის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი ქონა აუცილებელია“.

ფეისბუკზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები და პოსტები, ასევე გამოყენებული იქნება დარეგისტრირებული პირების იდენტიფიცირებისთვის, რეგისტრირებულთა სიის შემოწმების პროცესში.

რატომ გაუჭირდათ რეგისტრაცია ანდროიდების მფლობელებს?

სისტემაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც კომპიუტერიდან, ასევე მობილური ტელეფონიდან; თუმცა ამომრჩევლების ნაწილს, როგორც წერენ, პრობლემები შეექმნათ ბმულზე გადასვლისას, ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონებიდან.

ენმ-ში განმარტავენ, რომ ფეისბუკისა და ანდროიდის „დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ურთიერთმიმართების“ გამო, ანდროიდის მომხმარებლებს ბმულის ბრაუზერით გახსნა მოეთხოვებათ. ასეთებისთვის პარტიის ფეისბუკგვერდზე სპეციალური ინსტრუქციაც არის გამოქვეყნებული. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, იმისთვის, რომ „ტექნოლოგიებში ნაკლებად გარკვეული ადამიანები არ შეფერხდნენ“, კონტრაქტორი კომპანია მუშაობს რეგისტრაციის განახლებულ ბმულზეც, რომელიც „გამოქვეყნდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” “ფეისბუქ” გვერდზე არაუგვიანეს სამშაბათისა (17.01.2023)“.

ვინ ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს?

ვიდრე დარეგისტრირებული ამომრჩევლები კენჭისყრის უფლებას მიიღებენ, მათ სპეციალური კომისია შეამოწმებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კომისიაში იქნება 9 წევრი - 5 პარტიის პოლიტსაბჭოდან, ხოლო კიდევ 4 - დარეგისტრირებული კანდიდატების წარმომადგენლები:

  • პოლიტსაბჭოს წევრები კომისიაში: კობა ნაყოფია (თავმჯდომარე); ნინო კვიტაიშვილი, გიორგი პატარაია, ლევან ბეჟაშვილი და ლილე ლიპარტელიანი;
  • კანდიდატების წარმომადგენლები კომისიაში: თამარ ზერეკიძე (ნიკა მელიასგან), ნანა შამათავა (ნონა მამულაშვილისგან), ალექსანდრე მილორავა (გიორგი მუმლაძისგან), ლაშა ფარულავა (ლევან ხაბეიშვილისგან).

„კომისიის წევრებს აქვთ წვდომა დარეგისტრირებული ამომრჩევლების სიასთან. სიის სანდოობაში დასარწმუნებლად, მათ შეუძლიათ თითოეული პირის ნამდვილობის გადამოწმება პირადი ნომრითა და გვარით - ცესკოს ბაზაში; ხოლო ფეისბუკის ბმულით შესაძლებელი იქნება შემოწმება - ნამდვილად ამ პირს ეკუთვნის თუ არა ეს კონკრეტული ანგარიში და [განთავსებული ინფორმაციის მიხედვით] რა პოლიტიკური გემოვნება აქვს მას. ამ გზით გაირკვევა ისიც, ხომ არ არის ფეიკანგარიში, ტროლი, ბოტი; ანდა მაგალითად „ქართული ოცნების“ ან ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არ უკავშირდება ენმ-ს. თუკი რომელიმე პირის ამგვარად იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება, ჩვენ გვაქვს რეგისტრირებულთა ტელეფონის ნომრებიც და ამ გზის გამოყენებაც შეუძლია კანდიდატის დაეჭვებულ წარმომადგენელს“, - გვეუბნება კვიტაიშვილი.

კომისიის წევრები ამომრჩეველთა ბაზას ე.წ. გამფილტრავი ჯგუფის დახმარებით შეამოწმებენ და 26 იანვრის 10 საათზე, როდესაც დასრულდება რეგისტრაციის პროცესი, „ეს სია პრაქტიკულად უკვე უნდა იყოს დამუშავებული“.

ხმის მიცემის 48-საათიანი პროცესი, ასევე ელექტრონულად, დაიწყება 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების საჯაროდ გამწვავების შემდეგ გახდა ცნობილი. პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებაზე პარტიაში მანამდეც იყო ლაპარაკი და ასეთი ინიციატივა ნიკა მელიას ეკუთვნოდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ „ხმის ფარულობას, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა)“.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტრონული არჩევნები ჩაატარა 2020 წელსაც, როცა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია აირჩიეს - იმხანად პოლიტსაბჭოს მდივანი ფეისბუკის მეშვეობით აირჩიეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG