რაზეა ჩანაწერში საუბარი?
აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, დამონტაჟებულია, შინაარსის მიხედვით, გაკეთებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხსაც ეხება. 44-წამიან მონაკვეთში ისმის მხოლოდ ნიკა მელიას ხმა.
“ერთ-ერთი, რაც მითხრა, გეტყვი, - ეუბნება იგი თანამოსაუბრეს და განაგრძობს, - შენ თუ პარლამენტში შეხვალო… დამირეკა ტიპმა, არც უკითხავს, რას ვფიქრობ, ეგრევე გადმოვიდა “ნაეზდზე”, თუ შეხვალ პარლამენტში, ჩემი კანდიდატი ვერ იქნები ვერასდროსო… გამოვ***ვდი…მერე ვუთხარი, რამდენი ათასი კაცი გინდათ დაგახვედროთ, თბილისში რომ ჩამოხვიდეთ-მეთქი…
თქვენ გგონიათ, მე ამის გამო ვარ ამ პარტიაში, რას მაშანტაჟებთ-მეთქი, ამხელა კაცი ხართ, არ გეკადრებათ-მეთქი. მით უმეტეს მე არ მეკადრება თქვენგან-თქო და ამას არ შეგარჩენთ-მეთქი”, - ამბობს და იგინება, სავარაუდოდ, მელია.
ჩანაწერში ისმის მხოლოდ მელიას ხმა და რჩება შთაბეჭდილება, რომ თანამოსაუბრის პასუხები ამოჭრილია.
ჩანაწერი ავთენტიკურია?
ჩანაწერის ნამდვილობა დადასტურებული არ არის, თუმცა ის, რომ მსგავსი შინაარსის აუდიოჩანაწერი არსებობს, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ ლიდერს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში არ უარუყვია. ზოგიერთმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ხმა დამონტაჟებულია.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას ღია მხარდამჭერი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იცოდა, რომ მელიას წინააღმდეგ ჩანაწერი არსებობდა.
"ამ ჩანაწერის შესახებ მე ინფორმირებული ვიყავი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. სამწუხაროდ, ამ ჩანაწერს დაატარებდნენ [ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები] ერთი სოფლიდან მეორეში, სხვადასხვა რაიონში, ასმენინებდნენ ხალხს", - ამბობს ის.
რა თქვეს ენმ-ის ლიდერებმა ჩანაწერის გავრცელების შემდეგ?
ერთ-ერთი პირველი საჯარო განცხადება პარლამენტში ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
"ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს", - დაწერა მან ფეისბუკზე.
მალევე მის ამ სტატუსს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელიას კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, ეს იყო "რუსული ოცნების" ხელწერა, რომლის მიზანიც პარტიის წევრებს შორის დაპირისპირებაა.
"ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება... ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - აცხადებს ხაბეიშვილი.
კონტექსტი - ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები
20 დღეზე ნაკლებია დარჩენილი “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნებამდე. კანდიდატები არიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ეს მოთხოვნა პარტიის წევრების სახელით 9 ნოემბერს გავრცელდა მედიაში, როცა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ.
ვინ გაავრცელა ჩანაწერი?
ერთ-ერთი მომხმარებელი, რომლის სახელითაც აიტვირთა ეს ჩანაწერი იუტუბზე, ამ პლატფორმაზე 2015 წლის 28 მარტს არის დარეგისტრირებული. არხზე ატვირთული ბოლო რამდენიმე ვიდეო მიხეილ სააკაშვილს ეხება, მათ შორის ერთ-ერთს, რომელზეც ასახულია სააკაშვილი “ვივამედის” პალატაში, "აფერისტი მთავარსარდალი" ჰქვია.
თუმცა ეს მომხმარებელი, შესაძლოა, არ იყოს ჩანაწერის გავრცელების პირველწყარო ან ერთადერთი წყარო.
ნიკა მელიას მხარდამჭერი, ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ჩანაწერი მელიას, როგორც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის წინააღმდეგ, პარტიის "წიაღში" მყოფმა ადამიანებმა გაავრცელეს და იმის მიუხედავად, რომ ეს ხელისუფლებასაც აწყობდა, გამორიცხავს მის როლს.
"არ ვიფიქრებდი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე გაასაჯაროებდნენ. არაფერში არ წერია, რისთვისაც "ქართულ ოცნებას" ვებრძვით, აქაც, ჩვენს წიაღში, "ძალიან ჭკვიანმა" ადამიანმა იფიქრა, რომ ეს მეთოდი პოლიტიკურად იყოს სწორი...
არის ადამიანი [მერაბიშვილი], რომელიც ფარდის უკან ცდილობს პროცესების მართვას. როგორც ჩანს, ვერ ისწავლა ჭკუა, რომ ფარული ჩანაწერებით საქმე არ კეთდება. სხვა პოლიტიკოსები მერაბიშვილის ფრთიდან ვინ არის ჩართული, დასახელება არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია ფუძე, საიდანაც მოდის "ჭკვიანური იდეები", - ამბობს დოლიძე.
იმის მიუხედავად, რომ, მისი აზრით, ეს ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ, ანუ მისი კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდაა გაკეთებული, ბაჩო დოლიძე არ საუბრობს მის პასუხისმგებლობაზე:
"მან თავისი პოზიცია უკვე გაავრცელა. ჩემი მხრიდან იმ საკითხში შესვლა, იცოდა თუ არა ლევანმა და შეუშალა თუ არა ამ ჩანაწერის გავრცელებას ხელი, არ მგონია სწორი".
რა არ ვიცით?
ამ ეტაპზე უცნობია, რას ფიქრობენ ნიკა მელია ან ვანო მერაბიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა არც ლევან ხაბეიშვილმა. მათთან დაკავშირების მცდელობა რადიო თავისუფლებისთვის ამ დროისთვის უშედეგოა.
ასევე უცნობია, რა რეაგირება ექნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის კომპეტენციასაც მიეკუთვნება ფარული ჩანაწერების გაკეთების კანონიერების შესწავლა და რეაგირება.