“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შიდაპარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს.
განცხადება 15 იანვარს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ გააკეთა და დასძინა, რომ ქუთაისში იმუშავებს ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი.
"ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და წარმატებებს ვუსურვებთ 28–29 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია", – განაცხადა გიორგი კილაძემ.
ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი პარტიის ოფისში იმოქმედებს და მას გაგა მანაგაძე უხელმძღვანელებს. მისი განმარტებით, დაწყებულია ენმ–ის მხარდამჭერ მოქალაქეთა რეგისტრაცია, რომლებიც ონლაინ შეძლებენ ხმის მიცემას სასურველი კანდიდატისთვის.
ონლაინ რეგისტრაცია 26 იანვრამდე გაგრძელდება, ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს შეუძლიათ შტაბს მიმართონ, სადაც შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
როგორც ნიკა მელიას მხარდამჭერ ქუთაისის შტაბში განმარტავენ, თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნები ელექტრონული სისტემით გაიმართება, რაც პარტიის მხარდამჭერების სრულ უმრავლესობას მისცემს საშუალებას, საკუთარი არჩევანი დისტანციურად დააფიქსირონ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28–29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.