საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებითი განსხვავებები რჩება უკრაინისთვის ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორიცაა სამხედრო დახმარების გაწევა, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კანონიერი ინტერესების დაცვა.
კასიანოვის სტატია: „როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები“ დღეს, 9 იანვარს, გამოაქვეყნა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“.
კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინა უკან ითხოვდა კომპლექსებს „ბუკი“, რომლებიც საქართველოს გადასცა 2008 წლის ომის დროს და ასევე, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს "ჯაველინი". უკრაინელი დიპლომატის თქმით, აშშ თანახმა იყო, რომ საქართველოს "ჯაველინები" უკრაინისთვის გადაეცა უფრო ახალი კომპლექსების სანაცვლოდ.
კასიანოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სამხედრო დახმარების გაწევაზე კატეგორიული უარი თქვა, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის გამოყენებას შიდა პოლიტიკური დავებისთვის და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების შესახებ.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მისი ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უწოდებს არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ საკითხს. ანდრი კასიანოვის თანახმად, სწორედ ამიტომ, უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან დაჟინებით ითხოვს ლმობიერებას და სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მის სამკურნალოდ გადაყვანას ევროპის ან აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში.
2022 წლის 19 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, აბუჩად აგდებაა, საქართველოს არ შეეფერება და უნდა შეწყდეს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ის უნდა გადაიყვანონ უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში.
„უკრაინსკა პრავდაში" გამოქვეყნებულ სტატიაში კასიანოვი იმასაც წერს, რომ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისგან ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინის მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიას იყენებს სხვა ქვეყნებში, ძირითადად, ევროპაში ტრანზიტისთვის. კასიანოვი მიზეზად ასახელებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა „ანომალიურად დიდ ყოფნას“, მათ შორის პუტინის და უკრაინელების გენოციდის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერების.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს საქართველოს ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩავიდა 182 000 უკრაინელი და 1 268 000 რუსი და მათგან საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა უკრაინის დაახლოებით 25 000 და რუსეთის 116 000 მოქალაქე. კასიანოვი საქართველოში უკრაინელების ხანგრძლივად ყოფნისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს ბინებსა და სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდასაც, მათ შორის „რუსების ანომალიური რაოდენობის გამო“.
ამასთან, კასიანოვი წერს, რომ პრობლემების მიუხედავად, ურთიერთობებში გაცილებით მეტია პოზიტივი და უპირველეს ყოვლისა, ასახელებს ქართველ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. ასევე, საერთაშორისო არენაზე ერთმანეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შორის სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხში.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის და ბათუმის საჯარო სკოლებში 4 უკრაინული სექტორის გახსნას, 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უკრაინის მოქალაქეების სასტუმროს ხარჯების დაფინანსებას, 2022 წლის აგვისტოდან ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებას და უკრაინის მოქალაქეების უფასო სამედიცინო მომსახურებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას. ანდრი კასიანოვი წერს საქართველოს მიერ უკრაინისთვის გენერატორების გადაცემაზეც და იმ კონკრეტულ დახმარებაზე, რომელიც უკრაინას და საქართველოში მყოფ უკრაინელებს გაუწიეს საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა, კერძო სექტორმა და ეკლესიამ.