Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ზელენსკის განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით


ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შესახებ.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“, - თქვა კობახიძემ „იმედთან" საუბარში.

ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში. „მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ღამით, ვიდეომიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, აბუჩად აგდებაა, ეს საქართველოს არ შეეფერება და უნდა შეწყდეს. ზელენსკი ითხოვს გადაწყვეტილებას, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლეს გადაარჩენს და მის გადაყვანას უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. იმავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.

2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" 2022 წლის მაისში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტში გასული კვირიდან შიმშილობს "ნაციონალური მოძრაობის" სამი დეპუტატი.

XS
SM
MD
LG