ცენტრი "ემპათია" აქვეყნებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.
დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გაასაჯაროვა, საუბარია ექსპერტიზის შედეგებსა და საჭირო მკურნალობაზე.
"მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებლად დიაგნოსტიკა - მკურნალობის მიზნით გადაყვანას აშშ -ს ან/და ევროკავშირის მულტი - პროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
სტრესული აშლილობა, რაც უკავშირდება საქართველოს ციხეთა სისტემაში გადატანილ არასათანადო მოპყრობას, სიცოცხლის მოსპობის შიშს მნიშვნელოვნად ამძიმებს ნეირო-ფსიქიკურ და ზოგად მდგომარეობას და შეუძლებელს ხდის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევასაც კი... სააკაშვილის პატიმრობა დაუშვებელია და შეუთავსებელია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებთან", - წერია დასკვნაში.
ექსპერტიზის შედეგები:
- "დაპატიმრების წინ (01/10/2021) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე შფოთვით - დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტ-კოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიურ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა";
- "გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომების და დიაგნოზების (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ) დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები";
- "მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება; აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიოაქტიული ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი";
- "გამოსაკვლევი პირი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას... შიმშილობის ფონზე, ასევე შიმშილობის შედეგად განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ფონზე, მოწყვლად მდგომარეობაში, სახელდახელოდ მოწყობილ ინტენსიურ პალატაში იგი იმყოფებოდა მარტო, დაძახილზე არ რეაგირებდნენ, კვლავ ისმოდა მისი მისამართით პატიმრების ყვირილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ამ მდგომარეობაში გამოსაკვლევი პირი იმყოფებოდა სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ (19/11/2021)";
- "აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად (ფიზიკური ტრავმატიზაციის შედეგად) დიდი ალბათობით, მან მიიღო ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ასევე განუვითარდა მძიმე ფორმის ტრავმული სტრესული აშლილობა, შიმშილობისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და დისფუნქციის ფონზე";
- "მთელი ტრავმული სტრესული გამოცდილება ციხეთა სისტემაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტებით, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ფასდება, როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევი და შესაბამისად, როგორც წამება";
- "წარმოდგენილი დიაგნოზების თანახმად (ფსიქო - ნევროლოგიური მიმართულებით) მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი; ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება... არის გათავისუფლების საფუძველი, ხოლო გასტრო - ენტეროლოგიური და ნუტრიციული მიმართულებით, ფასდება როგორც მძიმე კახექსიის რისკის შემცველი".
დასკვნის მიხედვით, საჭიროა შემდეგი დიაგნოსტიკურ-სამკურნალო-რეაბილიტაციური პროცედურები:
- "მისი მდგომარეობა მძიმეა: ძვალ-კუნთოვანი სისტემის თვალსაზრისით: „მას ესაჭიროება ზუსტი დიაგნოზი, ასევე შესაძლოა მარცხენა მხრის სახსრისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული შეცვლა. ამ პროცედურების შემდეგ მას დასჭირდება C 5 – C6 - მალების შერწყმა. შემდგომში L4-5 სპინალური სტენოზის დეკომპრესია. მისი მარცხენა მკლავისა და ფეხის ძლიერი სისუსტე შეიძლება იყოს ხერხემლისგან განპირობებული და ტკივილის გამომწვევი უმოძრაობით განპირობებული ატროფიით";
- "მას დასჭირდება აგრესიული დიაგნოსტიკური პროცედურები, ანუ რეგულარული მეთვალყურეობა EGD და მრავალჯერადი კუჭის ბიოფსიები. ეს პროცედურები ფართოდ არის ხელმისაწვდომი დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. სადაც ისინი კეთდება კომპეტენტური GI ენდოსკოპისტების მიერ";
- "ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დიაგნოზი/დიაგნოზები, საჭიროებს ნეირო-კოგნიტიური აშლილობის მიმართულებით დამატებით აგრესიულ/ინვაზიური მეთოდებით (მაგ. თავ - ზურგტვინის სითხის შესწავლა, განმეორებადი CT, MRI, EEG – 24 საათიანი და სხვა) კვლევასა და სწორი მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფი პროგრესირებით დამთავრდება მარაზმით, კახექსიითა და ადამიანის გარდაცვალებით";
- "საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს ინფექციურ-ინტოქსიკაციური გენეზის ან/და ნეირო-დეგენერაციული პროცესის/დაავადების, დისმეტაბოლური პროცესის, დაზუსტების ან გამორიცხვის მიზნით - Z13.8: Special screening examination for other specified diseases and disorders (სპეციალური სკრინინგი/გამოკვლევა სხვა სპეციფიურ დაავადებებზე და აშლილობებზე (მათ შორის, მომწამლავ აგენტებზე კვლევა)".
ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის მომზადებაზე ბოლო რამდენიმე თვეა მუშაობს. ექსპერტიზაში, ცენტრის მიწვევით, ჩართული იყო რამდენიმე უცხოელი ექსპერტი.
საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.