საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 90 წლის გახდა. დღესვე აღინიშნება მისი აღსაყდრებიდან 45 წლისთავი.
საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში გალაკონცერტი იმართება, რომლის რეჟისორიც ბაკურ ბაკურაძეა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საპატრიარქოს პრესსამსახურში, კონცერტს თავად ილია II-ც დაესწრება. კონცერტის სატელევიზიო ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
ილია II-ის დაბადების დღის მისალოცი წერილები გაავრცელეს როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებმა.
“განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.
თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია", - ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკის გვერდზე პატრიარქს დაბადების დღე.
"თქვენ უკვე მრავალი წელია ერის სულიერ აღმავლობაზე ზრუნვით გვატარებთ ჭეშმარიტების გზაზე და თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითს წარმოადგენთ.
ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობის, ერის განათლებისა და ქვეყანაში კეთილდღეობისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში", - განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ამ მილოცვას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას", - ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მილოცვაა.
"ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი.
საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს", - ასე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, იუბილე ილია II-ს.
"ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, რომელიც სიყვარულის, მოთმინების, სიკეთის, სულიერი სიმტკიცის, სულგრძელობის მაგალითს გვაძლევს", - ნათქვამია თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტში.
საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა ბელარუსის ავტორიტარმა პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
"ჩვენს რთულ დროებაში, როცა დამახინჯება ემუქრება მრავალ ღირებულებას, რომელიც ქრისტეს მცნებებს ეფუძნება, თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას მრევლის გულში, რომელთაგანაც ათიათასობით თქვენი ნათლულია. თქვენი მაგალითით შთააგონებთ ყველა მორწმუნესა და ურწმუნოს მოწყალების გამოჩენას, კეთილი საქმის კეთებასა და მოყვასის სიყვარულს. დიდ პატივს ვცემ თქვენს მაღალ მსახურებას", - ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტში.
საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პატრიარქმაც.
"ეკლესიის დევნის მკაცრ დროში თქვენ ღვთისმსახურების ეკლიანი გზა აირჩიეთ. მრავალი წლის განმავლობაში გონივრულად მართავდით თქვენს სამწყსოს", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მილოცვაში, რომელშიც ილია მეორე სრული რეგალიით არ არის მოხსენებული - რეგალიას ჩამოშორებული აქვს აღნიშვნა, რომ არის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსული ეკლესია და რუსეთის საპატრიარქო საქართველოს პატრიარქს არასრული რეგალიით მოიხსენიებს.