Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრესამ გამოაქვეყნა ვიქტორ მედვედჩუკისა და „აზოვის“ ხუთი წევრის გაცვლის დეტალები


ბატალიონ "აზოვის" მეთაურები და უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი (მარჯვნივ) თურქეთში. 2022 წ. 22 სექტემბერი.
ბატალიონ "აზოვის" მეთაურები და უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი (მარჯვნივ) თურქეთში. 2022 წ. 22 სექტემბერი.

თურქეთის გაზეთმა Hurriyet-მა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკისა და ბატალიონ „აზოვის“ ხუთი წევრის გაცვლის დეტალები. გაცვლა შარშან სექტემბერში ჩატარდა ანკარაში.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გაცვლის ინიციატორი იყო რუსეთის მხარე, მისი ორგანიზების თაობაზე მოლაპარაკებები კი თურქეთის დაზვერვის მონაწილეობით გაიმართა.

ანკარაში დათქმულ დროს დაჯდა ორი თვითმფრინავი: რუსეთიდან ჩაიყვანეს აზოველი ტყვეები, უკრაინიდან კი - მედვედჩუკი. მხარეთა წარმომადგენლები ერთმანეთის თვითმფრინავებში ავიდნენ გაცვლის მონაწილეების პიროვნებათა დასადგენად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად.

ამ პროცედურის შემდეგ შედგა შეუფერხებელი გაცვლა, წერს Hurriyet-ი.

ცნობილია, რომ თურქეთის მხარის მიწვევით, „აზოვის“ მეთაურები თურქეთში დარჩნენ ომის დასრულებამდე. მათი უსაფრთხოების გარანტიები თავად პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გასცა.

Hurriyet-ის ვერსიით, ეს რუსეთის მხარის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი პირობა იყო გაცვლისთვის.

ვიქტორ მედვედჩუკის შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

XS
SM
MD
LG