მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სურს, ფიზიკურად დაესწროს თავის სასამართლო სხდომებს. ხაჭაპურიძემ ეს ინფორმაცია მედიას მიაწოდა კლინიკა "ვივამედთან", სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად მივიდა.
"სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, ამას გავივლით, ამ საკითხებს. გარდა ამისა - მოწმეთა რიგითობის საკითხებს. მე ვეტყვი, რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. დარჩენილები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები, ძირითადი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი და მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. [...] ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს და შევუთანხმებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც ღამის 12-საათამდე", - თქვა ხაჭაპურიძემ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს მისი დედა, გიული ალასანია. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ალასანიას თანახმად, სააკაშვილს ყოველთვის სურდა საკუთარ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მისი ექიმები იღებენ.
"გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე ძალიან შეშინებული წავედი აქედან. სხვა მხრივ, ეს პროცესები გრძელდება, ღრმავდება ალბათ, არ ვიცი. ჩვენ ყოველთვის მაგ აზრზე ვიყავით, რომ დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს [სასამართლოში განხილვა], იმიტომ რომ გვაქვს მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს ... თვითონ ყოველთვის გამოთქვამდა სურვილს. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. მე რომ მკითხოთ, რთული იქნება", - უთხრა დღეს კლინიკა "ვივამედთან" გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.
მომდევნო სასამართლო სხდომა, რომელზეც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელონ, 9 იანვარსაა დანიშნული.