„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამართვას 4 იანვარს, 18 საათზე ქვეყნის მასშტაბით 8 სხვადასხვა ადგილზე გეგმავს.
პარტიის აქციების პარალელურად, სხვა ადგილებში აპირებს აქციების გამართვას პარტიის წევრი და ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. დღეს, 3 იანვარს, მან თქვა, რომ 4 იანვარს ერთი აქცია გაიმართება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, მსვლელობით ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ, მეორე კი - შეკვეთილში, მის სახლთან.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი ინფორმირებული იყო ენმ-ის გეგმებზე და არ არის მართალი მისი განცხადება, თითქოს არ იცოდა 4 იანვარის აქციების შესახებ, რომლებზეც გადაწყვეტილება 31 დეკემბერს მიიღეს. ხვალ პარტიის ორგანიზებით აქცია თბილისში, მშვიდობის ხიდთანაა დაგეგმილი.
"პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ", - ნათქვამია ენმ-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ტურისტულ ზონაში სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია და უფრო გამართლებულად მიიჩნევს მსვლელობას ივანიშვილის სახლის მიმართულებით.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, 4 დეკემბერს ასევე გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.