Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმ ლუქსში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დროებით ცხოვრობს, რევოლუციური კომიტეტი შექმნეს - ვოლსკი


გია ვოლსკი, "ქართული ოცნების" დეპუტატი
გია ვოლსკი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ეხმაურება დეპუტატების ვიზიტების შეზღუდვას პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ამბობს, რომ "ლუქსში", სადაც სააკაშვილია, "რევოლუციური კომიტეტი შექმნეს". ამის შესახებ ჟურნალისტებს მან პარლამენტში უთხრა.

"წარმოუდგენელია, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება - საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დროებით ცხოვრობს, რევოლუციური კომიტეტი შექმნეს. არათუ მისი მკურნალობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სიცოცხლეც კი არ ენაღვლებათ. იქ რაღაც პუტინის გვარი შემოიტანეს თავის პროპაგანდისტულ აქტივობებში, უშველებელი პროპაგანდისტული ორგანიზაცია დაიქირავეს... მე ვფიქრობ, არ არის ეს მხოლოდ ის რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ სააკაშვილის უსაფრთხოების აუცილებლობაზეც გასაკეთებელია აქცენტი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა“.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 იანვრის შემდეგ დეპუტატებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლებათ, დღეს, 30 დეკემბერს, გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შალვა პაპუაშვილმა ეს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის თხოვნის საფუძველზე და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და სახალხო დამცველს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. ამავე კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს.

სააკაშვილის მონახულება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარდა, შეიზღუდა კლინიკა "ვივამედის" კარანტინითაც. საავადმყოფომ, სადაც მსჯავრდადებული სააკაშვილი სამკურნალოდ იმყოფება, 29 დეკემბერს თქვა, რომ კარანტინი გამოცხადებულია გამწვავებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ექსპრეზიდენტთან შესვლა მხოლოდ ტესტირების შემდეგ, სპეციალური ეკიპირებით იქნება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG