საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 იანვრის შემდეგ დეპუტატებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შალვა პაპუაშვილმა ეს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის თხოვნის საფუძველზე და მიხეილ სააკაშვილის უსაფროების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
"2021 წლის 3 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე გაიცა 228 ნებართვა, რაც თავის მხრივ აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს - პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას - და გამოიყენება, უშუალოდ პატიმართან, პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზეც არაერთხელ საჯაროდ მიუთითა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის სათანადო პირობებზე მონიტორინგს, უპირველეს ყოვლისა, აწარმოებენ მისი ადვოკატები, რომლებმაც დღემდე 533 ვიზიტი განახორციელეს მიხეილ სააკაშვილთან. გარდა ამისა, აქტიურ მონიტორინგს აწარმოებენ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც პატიმრობის კოდექსის თანახმად ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დაბრკოლების გარეშე, მოინახულონ ნებისმიერი პატიმარი. მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ამ უფლებით მათ უკვე 57-ჯერ ისარგებლეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია", - წერია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პატიმრობის კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და სახალხო დამცველს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. ამავე კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს.
სააკაშვილის მონახულება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარდა, შეიზღუდა კლინიკა "ვივამედის" კარანტინითაც. საავადმყოფომ, სადაც მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ იმყოფება, 29 დეკემბერს თქვა, რომ კარანტინი გამოცხადებულია გამწვავებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ექსპრეზიდენტთან შესვლა მხოლოდ ტესტირების შემდეგ, სპეციალური ეკიპირებით იქნება შესაძლებელი.