Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა


კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაცია მედიას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიაწოდა. მან კარანტინის საჭიროება ქვეყანაში გამწვავებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და ვირუსული ინფექციების გაზრდილი რაოდენობით ახსნა.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად, კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ეს გაკეთდა ვირუსული ინფექციების რაოდენობის მატებიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით“, - უთხრა დღეს მედიას ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებთან მნახველები სპეციალური ეკიპირებით, ვირუსზე ტესტირების საფუძველზე დაიშვებიან, კლინიკის ფოიეში კი შეიზღუდება ჟურნალისტების შესვლა.

ამ გადაწყვეტილების ფონია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების განცხადება იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალება არ მიეცა მის შვილს, ედუარდ სააკაშვილს. გიული ალასანიამ ამის შესახებ 27 დეკემბერს თქვა.

XS
SM
MD
LG