საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „საქართველოში ჩამოყვანა“ „ვითომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთობლივი თამაშია“. სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება დღეს, 28 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„აქ ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან... რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა იმას აქეზებდნენ - ჩამობრძანდით, ჩამობრძანდით, რომ იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ - ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით - აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი. ხო არ ხარ ლაჩარი, ჩამოდი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, ამ ორივე მხარეს აწყობდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა.
„ერთი წლის თავზე ვართ სრულად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში. სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს - ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს ამით არცერთ კითხვაზე პასუხი აღარ აქვს გასაცემი, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. და მე ამაში, არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მიუღებელია პრეზიდენტის ინსტიტუტზე ზეწოლა, ბულინგი.
„პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ბრიფინგის ბოლოს მან ჟურნალისტს კითხვაზე, "რას აპირებს" პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მოკლე რეპლიკით უპასუხა, რომ "მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".
ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც სალომე ზურაბიშვილს ხმაურით შეაწყვეტინეს სიტყვა პრეზიდენტის სასახლესთან დღეს, 28 დეკემბერს, გამართული აქციის მონაწილეებმა. მათ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, არ შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 21 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ სურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.
მანამდე ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასოდეს".
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, შემდეგი სხდომა ხვალ, 29 დეკემბერსაა დანიშნული.
პარალელურად სალომე ზურაბიშვილს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" იმყოფება. ის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2022 წლის მაისში გადაიყვანეს.