Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სოფელია ჩემს კართან, არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ ამ დაძაბულ პერიოდში - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ორბელიანების სასახლესთან "რუსული სოფელია მოწყობილი". მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიუღებელია ის, რაც დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხდება.

ორბელიანების სასახლესთან, თბილისის მერიის ორგანიზებით, საახალწლო სოფელია გახსნილი.

"მიუღებელია ინსტიტუტზე, და აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე ის, რაც ხდება დღეს - ზეწოლა, ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. შანტაჟი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელია ჩემს კართან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა... არ მგონია, არცერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრებია და სხვადასხვა გემოვნება. მერე მემუქრებიან კარიერით, თურმე, მე კარიერას დავემშვიდობები, თურმე, რაღაც სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ, იცის, რომ კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

27 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვების პასუხად თქვა, რომ საახალწლო სივრცეები, რომლებიც გასულ წელს დედაენის ბაღში იყო მოწყობილი, წელს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების თხოვნის გათვალისწინებით გადმოიტანეს.

"არაფერი არ შეცვლილა, როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე მოწყობილი საშობაო სოფელი, იგივე არის გაკეთებული. ერთადერთი, დედაენის ბაღის მაგივრად, რადგან იქ მომუშავე ადამიანებმა გვთხოვეს, რადგან საღამოობით ძალიან ცივა, ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანზე და მიმდებარე ქუჩებზე, მოხდა ამ სივრცეების დამატება. მეტი არაფერი... არანაირი დისკომფორტი არ იქმნება, პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, უსაფრთხოება, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ყველაფერია გათვალისწინებული", - თქვა კახა კალაძემ.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა. 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიზეზი ლოგისტიკური სირთულეებია.

XS
SM
MD
LG