საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ექსპრემიერის ვიდეომიმართვა მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. იგი ჩაწერილია გორში, თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს.
"უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო 30-35 წელში დაუშვა. იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს 20-30 წელი. ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობის ეს ფანჯარა არ იქნებოდა...
ერთი მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და, მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, 20-30 წელი დავკარგოთ... ვიღაცა რომ გამოდის იდიოტი და ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა, იმ 85 პროცენტს ჰკითხოს, უნდა თუ არა ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობა", - თქვა გახარიამ.
მანვე ისაუბრა ამ პროცესში პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე და ამ კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი.
"პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ჩემს თავსაც ამას ვეუბნები. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება. მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა, იმიტომ რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება", - თქვა მან.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ საქართველო წლების განმავლობაში ასოცირების ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე იყო, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია მიიღო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველო ომში ჩართვის შემთხვევაში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.
ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები უკრაინამ და მოლდოვამაც უნდა შეასრულონ.