მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ღია გზავნილია საქართველო ჩაერთოს ომში. მან 13 სექტემბერს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ შესაძლოა ამ საკითხზე საზოგადოებას აზრი ჰკითხონ და შემდეგ იმსჯელონ.
"უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და საქართველო ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს. ეს ღია გზავნილია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება, იმას გავყვეთ. ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის მაღალჩინოსნებს თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხალხს უნდა ვკითხოთ - უნდათ თუ არა მეორე ფრონტი საქართველოში თუ არ უნდათ. თუ უნდათ ხალხს, არ ვიცი, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ", - თქვა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში "მეორე ფრონტის" საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს. მან 14 ივნისს თქვა, რომ რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან.
"ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს "მეორე ფრონტის" რისკი, საფრთხე.
ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია", - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.
მმართველი პარტიიდან გამოყოფილი ოთხეულის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის აზრით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს სურს.
ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩოს მიმართ მუდმივი ბრალდებებია, "ქართული ოცნების" ლიდერები არ ემიჯნებიან.