აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული იერიშის გარემოებებს იკვლევს, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.
ამ დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალად ედება შეთქმულება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით.
კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა შეიქმნას მექანიზმი, რათა ტრამპმა მომავალში ვეღარ შეძლოს პრეზიდენტობა.
კომისიას აქვს ასევე სხვა რეკომენდაციები. ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ კომიტეტის რჩევით შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ოთხ მუხლის მიხედვით დაიწყოს სამართლებრივი დევნა.
ამასთან, კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ტრამპმა ხელი არ შეუშალა თავის მომხრეებს, იერიში მიეტანათ კონგრესის შენობაზე.
2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ამბოხების დროს და შემდგომ დაიღუპა ცხრა პირი. კომიტეტი მას მერე იძიებს ამ საქმეს.
თეთრი სახლის ყოფილმა თანამშრომელმა კესიდი ჰატჩინსონმა, კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას ტრამპის გარემოცვა ზეწოლაში დაადანაშაულა - ანგარიშის თანახმად, ჰატჩინსონმა თქვა, რომ მას სამსახურს და ფულად მხარდაჭერას დაჰპირდნენ და მოსთხოვეს, რომ დაეკნინებინა თეთრ სახლში თავისი როლი, თავი ლოიალურად წარმოედგინა და საჯაროდ გამოსვლისას, რაც შეიძლება ცოტა გაეხსენებინა.
ამის მიუხედავად, ჰატჩინსონმა კომიტეტის წინაშე გამოკითხვისას განაცხადა, რომ 6 იანვრის წინ ტრამპისთვის ნათელი იყო, რომ ძალადობის საფრთხე არსებობდა. მან ასევე დეტალურად ილაპარაკა თეთრ სახლში იმ დღეს მიმდინარე მოვლენებზე. ეს ბრალდებები ტრამპმა უარყო და საჯაროდ აუგად მოიხსენია ჰატჩინსონი.