ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე აქვეყნებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტოს და წერს, რომ "ყველა პატიმრის კეთილდღეობა მთავრობის პასუხისმგებლობაა". ევროპარლამენტარი ამავე ტვიტში აღნიშნავს, რომ ბოლო შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო.
"ბოლოს როცა შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს, საქართველოს ციხეში ერთ წელზე ცოტა მეტი ხნით ყოფნის შემდეგ. ყველა პატიმრის კეთილდღეობა, სააკაშვილის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა", - წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, ბოლოს ევროპარლამენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტს 2021 წლის ივნისში შეხვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. დღეს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც.