Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეომრები უკრაინაში - ვინ უხდის, რაში და რამდენს?


საილუსტრაციო ფოტო: "ქართული ლეგიონის" სიმბოლიკა
საილუსტრაციო ფოტო: "ქართული ლეგიონის" სიმბოლიკა

იღებენ თუ არა ანაზღაურებას ქართველი მეომრები უკრაინაში? თუ კი, რამდენს და ვისგან? როგორ ხდება უკრაინაში უცხოელი მოხალისეების რეკრუტირება? - ეს შეკითხვები ბოლო დღეებში იმ დისკუსიებმა წარმოშვა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებებს მოჰყვა.

მმართველი პარტია "ქართული ლეგიონის" მიერ მეომართა რეკრუტირების პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობაზე ალაპარაკდა; ხოლო როდესაც ჟურნალისტებმა "ოცნების" თავმჯდომარეს ჰკითხეს, არიან თუ არა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები გმირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ვინც „ენთუზიაზმით" იბრძვის იდეისთვის, "პატივი უნდა ვცეთ.. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის".

კობახიძის და "ოცნების" სხვა წარმომადგენელთა განცხადებებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები აღაშფოთა.

რადიო თავისუფლება შეეცადა, დაედგინა - რა სამართლებრივ საფუძველზე იბრძვიან უცხოელები და მათ შორის - ქართველები უკრაინაში? ვინ უხდის მათ ხელფასს?

კანონიერია თუ არა?

უკრაინული წყაროების თანახმად, უცხოელი მოხალისე მებრძოლების აღრიცხვისა და ლეგალიზების პროცესი უკრაინაში 2015 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკო იყო. ახალმა საკანონმდებლო ნორმებმა საშუალება მისცეს უკრაინის მოქალაქეობის არმქონე უცხოელებს გაეფორმებინათ კონტრაქტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესულიყვნენ.

2014 წლიდან, როცა რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში, უკრაინელების დასახმარებლად უცხო ქვეყნებიდან გამოცდილი მებრძოლები ჩადიოდნენ. სწორედ 2014 წელს შეიქმნა და თანდათან გაფართოვდა უკრაინაში სახელგანთქმული "ქართული ლეგიონი", რომელსაც ამ დრომდე მამუკა მამულაშვილი მეთაურობს და რომელიც ხშირად იპყრობს საერთაშორისო მედიის ყურადღებას.
2015 წლის თებერვალში უკრაინის მაშინდელმა პატრიარქმა, ფილარეტმა „ქართული ლეგიონის“ 29 მებრძოლი დააჯილდოვა, მათ შორის, ორი - სიკვდილის შემდეგ, „უკრაინის სიყვარულისა და მისთვის თავშეწირვისათვის“.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს, "ქართულმა ლეგიონმა", ერთ-ერთმა პირველმა, 2016 წელს მოაწერა ხელი. ეს დასტურდება უკრაინული წყაროებითაც. მეთაური, მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეს "ქართული ლეგიონი" 1300 სამხედროს აერთიანებს და ის უკრაინული ჯარის "ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია". კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, "ქართული ლეგიონი" 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში მსახურობდა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ხელმძღვანელებთან შეუთანხმებლობისა და პროტესტის ნიშნად დატოვა. ამჟამად “ქართული ლეგიონი”, როგორც აცხადებენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.

"ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში, ქართველებთან ერთად, უცხოელებიც იბრძვიან - აშშ-დან თუ დიდი ბრიტანეთიდან. ფრონტის არაერთ მონაკვეთზე სპეციალური საბრძოლო ამოცანების შესრულების გარდა, ლეგიონის ერთ-ერთი ამოცანაა გამოცდილი მეომრების რეკრუტირება. ქართველი სამხედროები წვრთნიან შედარებით გამოუცდელებსაც.

კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს სახელმწიფომ ოფიციალურად დაურიგა იარაღი და მათი სამხედრო ბილეთები ბინადრობის მოწმობასთან გაათანაბრა.

თუმცა უკრაინული მედია იმ წლებში ფართოდ აშუქებდა პრობლემებს, რომლებიც უცხოელ მეომრებს კვლავ ექმნებოდათ, მაგალითად, საზღვარის გადაკვეთის დროს. ასევე, მათ უწევდათ ჯარიმების გადახდაც. ამ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობდა თავად მამუკა მამულაშვილიც. იუწყებოდნენ, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ არ შეასრულა დაპირება - უცხოელ მებრძოლებს, რომლებსაც ოფიციალური კონტრაქტი ჰქონდათ, რეალურად არ გაუმარტივდათ მოქალაქეობის მიღების პროცედურა.

უცხო ქვეყნების მეომართა ლეგალიზების მეორე ტალღა 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს. "ქართული ლეგიონი" შეუერთდა საკანონმდებლო ცვლილებების მხარდამჭერ აქციას, 2019 წლის ივნისში, როცა რადაში მეომართა სტატუსის ლეგალიზების ახალ ნორმებს განიხილავდნენ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გამარტივებული წესით, უკრაინის მოქალაქეობა არაერთ მებრძოლს მიანიჭა, მათ შორის - ქართველებს.

ქართველები სხვა შენაერთებში

ქართველები უკრაინაში მხოლოდ "ქართულ ლეგიონში" არ მსახურობენ - ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა სტრუქტურაში არიან გაერთიანებული.

რუსეთის არმიასთან ბრძოლის ბევრი მსურველი უკავშირდება ლადო გამსახურდიასაც - „კავკასიის ლეგიონის“ მეთაურს, რომელიც ასევე ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის“ თავმჯდომარეა. ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ სტრუქტურას წარმოადგენს და კავკასიის ხალხებს აერთიანებს. გამსახურდია ამბობს, რომ კავკასიელები უკრაინის, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლებისთვის იბრძვიან.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, გამსახურდამ ასევე თქვა, რომ კავშირი აქვს „გამოცდილი ბიჭებთან" "ქართული ლეგიონიდან". "მეამაყება, რომ ისინი არიან ჩემი ქვეყნიდან“, - თქვა გამსახურდიამ.

აქვთ თუ არა ანაზღაურება უცხოელ მეომრებს?

შეიარაღებულ ძალებთან თუ გვარდიასთან ოფიციალური კონტრაქტის გაფორმებამდე, ქვეყანაში საბრძოლველად ჩასულ ყველა მსურველს თავად უკრაინის ხელისუფლება ამოწმებს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მოხალისე მებრძოლებს, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეებს ოფიციალურ ანაზღაურებას უხდიან. ეს მხოლოდ ქართველების შემთხვევაში არ ხდება და არც მხოლოდ უკრაინაში.

ხდება ისეც, რომ უკრაინის დასახმარებლად ჩადიან მოხალისე მებრძოლები, რომლებმაც სამუშაო ადგილები დატოვეს და უკრაინაში აღებული ხელფასი მათთვის და მათი ოჯახებისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენს. მაგრამ არცთუ იშვიათად, ხელფასი ისევ ომის საჭიროებებს ხმარდება.

სპეცდანიშნულების რაზმ „ობონის“ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფის მეთაური, ჩეჩნეთის მკვიდრი ხუსეინ ჯამბეტოვი ამბობს, რომ უკრაინული ხელფასი მას დაახლოებით 10 დღეს თუ ჰყოფნის, მათ შორის ამ ფულით ყიდულობს ბენზინს მანქანისთვის.

მე თავად ბევრი არ მჭირდება. ჩემთვის ჩაშუშული საქონლის ხორცის კონსერვიც საკმარისია, თუ კიდევ შედედებული რძეც მექნა, ხომ სულ მთლად მადლობელი ვიქნები. მინდა, რაც შეიძლება მალე გავაძევოთ ორკები უკრაინიდან და [ანექსირებული] ყირიმიდან, შემდეგ კი, თუ ღმერთი ინებებს, დავუბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ მიწებს [ჩეჩნეთში]. ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც ჩვენი მამები და წინაპრები იბრძოდნენ. წლების განმავლობაში ველოდები იმ მომენტს, როდესაც მთელი მსოფლიო იგრძნობდა ცოფიანი "რუსული დათვის" კლანჭებს. დღეს მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ იჩქერიის მებრძოლები ვართ და ძმებ უკრაინელებს ვიცავთ“, - ამბობს ჰუსეინ ჯამბეტოვი რადიო თავისუფლებასთან.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა თუ გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 2022 წლის 1 მარტიდან გაიზარდა; მინიმალურო ხელფასი და დანამატი დამოკიდებულია სამსახურის ტიპზე, სამხედროს ჩინსა და თანამდებობაზე. კრიტერიუმები ღიაა; პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობს ცხელი ხაზი.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, ახალი, "საერთაშორისო ლეგიონი" ჩამოყალიბდა. ის მთელი მსოფლიოს მებრძოლებს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერისკენ, სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს. ოფიციალურ ვებსაიტზე ახსნილია, თუ როგორ უნდა მოხვდნენ მეომრები უკრაინაში.

უკრაინული წყაროების თანახმად, უცხოელ მოხალისეებს კვლავ შეუძლიათ, კონტრაქტი გააფორმონ საერთაშორისო ლეგიონის მიღმაც, შეიარაღებული ძალების სხვა შენაერთებთან თუ ეროვნულ გვარდიასთან.

"საერთაშორისო ლეგიონის" ოფიციალურ გვერდზე ხელფასის რაოდენობა მითითებული არ არის. ივნისში "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერდა, რომ "საერთაშორისო ლეგიონში" ჩარიცხულებს უხდიან იმდენივეს, რასაც უკრაინელ მებრძოლებს. გამოცემის წყაროს ცნობით, ისინი ყიველთვიურად იღებენ საბაზისო 630$-ის ექვივალენტს გრივნებში და ბონუსებს - "რამაც შეიძლება თვეში რამდენიმე ათასი დოლარიც შეადგინოს“.

"ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ უარი აქვთ ნათქვამი უამრავი მსურველისთვის, რომლებიც ბრძოლაში ჩართვაზე ლაპარაკს ხელფასის რაოდენობის გარკვევით იწყებდნენ.

"თუ აქ ჩამოსული რომელიმე ადამიანის მოტივაციაა მიიღოს ხელფასი, პირდაპირ, თავიდანვე ვეუბნებით უარს. ასეთი ადამიანები თავიდანვე ცდილობენ თანხაზე საუბარს - რამდენია ხელფასი, რა ანაზღაურება ექნებათ? ჩვენთვის ეს მიუღებელია და ათასობით ასეთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უარი გვითქვამს, ასე რომ მოხვედრა "ქართულ ლეგიონში" იმიტომ, რომ კარგი ხელფასი ექნება ადამიანს, ეს გამორიცხულია. თუმცა შეიძლება ისეთებიც იყვნენ, ვინც პატრიოტული გრძნობებითაა შეპყრობილი, მაგრამ უნდა, რომ ხელფასიც ჰქონდეს. მაგრამ ჩვენთვის ეს მიუღებელია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი.
"ვინც აქ მოდის, ყველას ერთნაირი ხელფასი აქვს და ათასი და თუნდაც 2 ათასი დოლარის გულისთვის აქ, ეჭვი მეპარება, ვინმე ჩამოდიოდეს იმისთვის, რომ თავი მოაკვლევინოს რუსს", - ამბობს მამულაშვილი იმის დასტურად, რომ ხელფასი მეომრების მოტივატორი არ არის.

"კომერციული მიზნები" - რას და რატომ ამბობს "ოცნება"?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს თქვა, რომ მებრძოლები უკრაინაში „ომის პარტიას“ მიჰყავს, ხოლო შემდეგ, 7 დეკემბერს, შეასწორა - „ნაციონალურ მოძრაობის“ წაყვანილი იქ მხოლოდ ნაწილიაო.

ერთი დღის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საეჭვოა გმირობა, „როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება“; ხოლო გმირია, „თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება“.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაპარაკი დაიწყეს ასევე უკრაინაში მებრძოლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების შესახებ.

ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი განცხადებების დასტურად ახსენებდნენ ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული მოძრაობის - „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმის, ტელეკომპანია „POS TV“-ს "ექსპერიმენტს", რომლის დროსაც, ჟურნალისტი ომში წასვლის მსურველად გაეცნო, სავარაუდოდ, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის" წარმომადგენელს და შემდეგ, მიმოწერა გამოაქვეყნა.

ტელეფონის ნომერი, რომელიც "POS TV"-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერის სქრინებში ჩანს, ემთხვევა "ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილის, ლევან ფიფიას მიერ, სოციალურ ქსელებში, მანამდე გავრცელებულ განცხადებაში მითითებულ ნომერს. "ყურადღება: ყალიბდება ახალი სპეციალური დანაყოფი ქართული დროშის ქვეშ ქართული ლეგიონის ბაზაზე მსურველებს შეუძლიათ 03-12 -22 რიცხვიდან დაუკავშირდნენ ნომერზე...." - წერია ტექსტში.
მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ლეგიონმა რეკრუტირების ახალი ტალღა წამოიწყო და, მისი ვარაუდით, ახლა საქართველოს ხელისუფლებაში "ხელის შემშლელი ფაქტორების შექმნა უნდათ რუსეთის დაკვეთით".

"POS TV"-ის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფ სამხედროს სწერს და ანაზღაურების ოდენობის შესახებაც ეკითხება. პასუხი ასეთია: „ხელფასი 45 000 გრივნაა“, ასევე „საბრძოლო მოქმედებების ცალკეა“ და ეს „2000 დოლარზე მეტია, საბრძოლოიანად“. "ომში წასვლის მსურველს" ეკითხებიან საბრძოლო გამოცდილებაზეც.

"მიმოწერის დროს დაგვიდასტურეს, რომ ეგრედწოდებული „ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანაც თანხის სანაცვლოდ", - "POS TV" "ქართულ ლეგიონს" დაჯგუფებად მოიხსენიებს და ასევე ხაზს უსვამს, რომ მას "ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს“.

ნონა მამულაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აღარ არის. მან ნოემბრის დასაწყისში დატოვა პარტიაც და საპარლამენტო მანდატიც. 12 დეკემბერს მან განაცხადა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატობას აპირებს.

8 დეკემბერს ნონა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ახსენა. ყოფილმა დეპუტატმა კი უპასუხა, რომ მის ძმას, მამუკა მამულაშვილს არანაირი კავშირი არა აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ანდა რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიასთან; ხოლო პრემიერი "ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში".

პარტიულ კავშირებს უარყოფს თავად "ქართული ლეგიონი", 8 დეკემბერს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში. გასულ კვირაში უკრაინაში მებრძოლთა არაერთი განცხადება და ვიდეოკომენტარი გამოქვეყნდა, სადაც ისინი აკრიტიკებენ ხელისუფლების განცხადებებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG