Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადებას გენერატორებით დახმარების შესახებ.

შეკითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ისე, რომ თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. „დვიჟოკებს". ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა ამ ე.წ. დვიჟოკების გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს". ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე. მაგალითად, მადრიდის „რეალმა“, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ ოცი გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონა, რომ ოცი „დვიჟოკი“ გადასცა. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რომლებიც საქართველოში ალბათ ფიზიკურად არც არის. ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ უკრაინას გენერატორების საყიდლად. ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა, მაგრამ საუბარი არის რაზე, ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ჰგონიათ, რომ საქართველომ უკრაინაში უნდა გააგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის სიცრუე გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, შეგვიძლია, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავგზავნოთ უკრაინაში... საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას".

შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა საქართველო უკრაინისთვის გენერატორების შეძენას, კობახიძე პასუხს სცემს: „ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი არის ერთ-ერთი ყველზე დიდი ქვეყნებს შორის. ამიტომ სასპეკულაციო არ არის ეს თემა. ჩვენ მოწოდებული ვართ, ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. კასიანოვი ბრიფინგზე რომ გამოდის, შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს საკითხები, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია".

6 დეკემბერს ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს.

XS
SM
MD
LG