საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა. მან ისაუბრა სამხედრო დახმარებაზეც, რომლის მიღების იმედი უკრაინას ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ იგი საქართველოს ეხმარებოდა ბოლო ათწლეულების შეიარაღებულ კონფლიქტებში. კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დაწყების შემდეგ, "მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად", საელჩოს პასუხი არ მიუღია უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არგადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.
ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.
ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა და დაამატა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. მან თქვა, რომ არა მხოლოდ თანამედროვე, ახალი იარაღი, მოძველებული საბრძოლო მასალაც კი ღირებულია ამ ომში უკრაინისთვის.
„ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით - მოიშორა და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მათი უტილიზაციისთვის. ამას ხაზს უსვამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი გამოსვლების დროს. დიდი ოცეულის სამიტზე თავის გამოსვლაში, რომელიც ახლა G-19-ის სამიტად გადაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აგრესიით, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ტერორიზმის შეწყვეტით.
მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს, ვინც მოგვაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი და ირანული დრონები“, - თქვა კასიანოვმა.
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის სამიზნე ზაფხულის შემდეგ ხშირად არის ელექტროსისტემები, რის გამოც ქვეყნის დიდ ნაწილს პერიოდულად ელექტროენერგიის გარეშე უწევს ცხოვრება. საქართველოში უკრაინის დასახმარებლად გენერატორების შესყიდვის კამპანია მოქალაქეების ორგანიზებით ხორციელდება.