Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სტანო სააკაშვილზე: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობაზე


ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პეტერ სტანო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს პასუხისმგებლობას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის წინაშე.

"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს", - წერს სტანო Twitter-ზე.

9 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სასამართლო პროცესი - მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება მოწამლული იყოს.

სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართავს სახალხო დამცველიც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

XS
SM
MD
LG