"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ კლინიკა ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში პაციენტისთვის, თუმცა, სათანადო შედეგისთვის "პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა". ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წონის კლება, თუმცა თქვა, რომ ეს გამოწვეულია დიდწილად იმით, რომ ექსპრეზიდენტი "არ იკვებება."
"მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა.
მისი დაავადებიდან გამომიდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ, მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი. ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად - პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად - არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ - არ.
რატომ ველოდებით უარესს? მდგომარეობა მისი არის საყურადღებო, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძელდება მკურნალობა და შესაბამისად, უკეთდება ყველაფერი. მაგრამ კიდევ გეუბნებით, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც, პაციენტი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად", - უთხრა დღეს ჟურნალისტებს ზურაბ ჩხაიძემ.