საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახებს. მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 3 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა.
"ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინაში 5 ქართველო მებრძოლის დაღუპვას არ გამოხმაურებიან საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან:
- ავთო რურუა;
- რომეო ფიჩხაია;
- როლანდ კვარაცხელია;
- ბადრი მარკელია;
- მერაბ ალადაშვილი.
ბახმუტში საომარი მოქმედებების შესახებ 3 დეკემბერს განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან თქვა, რომ იქ ვითარება "ყველაზე ცხელი და მტკივნეულია" და მადლობა გადაუხადა ყველა იმ მებრძოლს, ვინც დონეცკის ოლქში იბრძვის.
"შტაბის სხდომაზე მეთაურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით ვითარება გამაცნეს. ვითარება დონეცკის ოლქში – ბახმუტში, სოლედარში - ახლაც, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელი და მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს. იქ ყველა უდიდეს მადლიერებას იმსახურებს!
[...] დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. დიდება ყველას, ვინც შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის! მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაწირა! დიდება უკრაინას!" – თქვა ზელენსკიმ 3 დეკემბერს.
რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.