Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნიმუშები აიღეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი ნიმუშების აღებას დასთანხმდა.

"ნიმუშები ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა და შემდეგ ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ“, - უთხრა კაკაშვილმა ჟურნალისტებს კლინიკა "ვივამედთან", მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მან თავი შეიკავა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან და თქვა, რომ იურისტია და ექსპრეზიდენტის სამედიცინო სტატუსის შემოწმება არ შეუძლია. ვასილ კაკაშვილმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მწოლარე დახვდა და განმარტა, რომ ნიმუშების აღებისთვის ეს პოზიცია მათთვის ხელსაყრელი იყო.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

XS
SM
MD
LG