Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები მოწინააღმდეგეს „რუსების დახოცვაში“ ეხმარებიან


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული იერიშები იმით ახსნა, რომ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები მოწინააღმდეგეს, თურმე, „რუსების დახოცვაში“ ეხმარებიან.

ლავროვის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ სიტყვებისთვის ლავროვს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.

„საინტერესოა, საერთაშორისო ტრიბუნალზე ლავროვი უარყოფს პუტინის რეჟიმის დანაშაულებში მონაწილეობას თუ ერთბაშად აღიარებს დანაშაულს, რომ დიდხანს არ იტანჯოს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.

23 ნოემბერს რუსეთის ჯარმა კიდევ ერთხელ მიიტანა მასიური სარაკეტო და საავიაციო იერიშები უკრაინაზე. უკრაინის რამდენიმე ოლქში რაკეტებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის არაერთი ობიექტი დააზიანა. საერთო ჯამში, რუსეთმა, დაახლოებით, 70 ბალისტიკური რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, მაგრამ მათი უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

იერიშების შედეგად ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა მოხდა უკრაინის ბევრ რეგიონში, ასევე შეფერხდა მოსახლეობის გათბობითა და წყლით უზრუნველყოფა. ამ მხრივ რთული სიტუაცია კვლავ რჩება კიევში და უკრაინის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს განიხილავს იმის პირველ მაგალითად, თუ როგორ იყენებს რუსეთი "კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურების ოპერაციის სტრატეგიულ კონცეფციას", რომელიც მისი სამხედრო დოქტრინის ნაწილია.

XS
SM
MD
LG