აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი. ამის შესახებ ელჩმა მედიას უთხრა ყვარელში, სადაც ამერიკული კუთხის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა.
ჟურნალისტებმა ელჩს კითხვა 22 ნოემბერს მის მიერვე გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს. მედია დაინტერესდა, რას ეყრდნობოდა ელჩი, როცა თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოთხოვილია.
"ევროკავშირის მტკიცე რჩევაა საქართველოსადმი, რომ ქართული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნოს განსახილველად. ეს საუკეთესო გზაა იმის გასარკვევად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია. ეს არის კანონმდებლობის ძალიან კომპლექსური და ახალი სფერო, არ არსებობს ცალმხრივი მიდგომის შესაძლებლობა. ამიტომ აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ქართული კანონმდებლობა განსახილველად წარუდგინოს ვენეციის კომისიას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანის 22 ნოემბრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ელჩს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა "ასეთი დამაბნეველი განცხადებები არ გაკეთეს". პაპუაშვილისვე სიტყვებით, მისმა "კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ გავერკვეთ, რა პროცესშია [დეოლიგარქიზაციის] უკრაინული კანონპროექტი".
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის რჩევა - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა გაიაროს ვენეციის კომისიის რევიზია - ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტი გამოიწვიეს ვენეციის კომისიიდან.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს შეახსენა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, დამტკიცებამდე შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.
"კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის. პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტიც, რომელიც ოპოზიციურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარეგისტრირა.
მმართველ პარტიაში, "ქართულ ოცნებაში", ამ დრომდე ამბობდნენ, რომ არ გააგზავნიდნენ ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ქართულ კანონპროექტს, რადგან ის უკრაინული ვერსიის კოპირება იყო.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას 2021 წლის ნოემბერში, ომამდე 3 თვით ადრე მოაწერა ხელი. ასამოქმედებლად განისაზღვრა 180 დღე და ახალი კანონი 2022 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში. უკრაინის მედიის ცნობით, პროცესები ომმა შეაფერხა.
არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის მიიღებს რუსეთთან ომში ჩართული უკრაინა ვენეციის კომისიის დასკვნას.