Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილის თქმით, ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციაზე უკრაინულ კანონზე დეტალების გასარკვევად მიმართეს


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიიდან გაწვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის ელჩისგან გაიგო. მან ამ ამბავს "სიახლე" უწოდა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

"რაც შეეხება უკრაინის მიერ ვენეციის კომისიიდან კანონის გაწვევას, ეს ჩემთვის სიახლეა. ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს კომუნიკაცია 12 პუნქტთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია არ გვქონია. სიახლეა ის, რაც აშშ-ის ელჩმა განაცხადა.

ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ გავერკვეთ რა პროცესშია [დეოლიგარქიზაციის] უკრაინული კანონპროექტი. ვინაიდან ვიცით, რომ ვებგვერდზეც არის განთავსებული ეს კანონი, როგორც დასკვნის მომლოდინე. ჩვენ გავარკვევთ, რა მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ზოგადად ჩვენი პოზიცია ცხადია, რომ ჩვენი კანონიც არის ასლი და ამიტომ დამატებით აზრის მოსმენის საჭიროება არ იყო...

მოკლედ, ჩვენ ვიკითხავთ რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს, 22 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის რჩევა - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა გაიაროს ვენეციის კომისიის რევიზია - ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე დღეს თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტი გამოიწვიეს ვენეციის კომისიიდან.

დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.

მმართველ პარტიაში, "ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე ამბობდნენ, რომ არ გააგზავნიდნენ ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ქართულ კანონპროექტს, რადგან ის უკრაინული ვერსიის კოპირება იყო.

XS
SM
MD
LG