ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა. ჯიშკარიანის თქმით, დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას."
"დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ეასადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა შეუთავსებელია პატიმრობასთან", - წერს მარიამ ჯიშკარიანი.
ცენტრ "ემპათიის" დასკვნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექიმებიც მუშაობდნენ. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო ამ ეტაპზე არ არის.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.