საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან "ჩათლახი" უწოდა. ეს მოხდა მაშინ, როცა ზარქუას პარლამენტში რამდენიმე არხის კორესპონდენტებმა სთხოვეს, შეეფასებინა განცხადება, რომელიც ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში გააკეთა 16 ნოემბერს.
დეპუტატის კომენტარს სხვადასხვა მედიასაშუალების რამდენიმე გადამღები ჯგუფი იწერდა. ზარქუამ ჟურნალისტს შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა არ დაასრულებინა.
ჟურნალისტი: "ჯინ შაჰინი, რომელიც გამოირჩევა..."
ზარქუა: "ჩათლახი..."
შემდეგ ჟურნალისტმა განაგრძო სენატორის განცხადების პერიფრაზირება, რაზეც დეპუტატმა ზარქუამ დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა:
"რომელი პარტიიდანაა ეგ ტიპი, იცი?.. ვინ არის წონიანი?.. დემოკრატი იქნება, გაგიმაზავ..."
ჟურნალისტებთან ამ კითხვა-პასუხის შემდეგ, დეპუტატმა ტელეფონზე დაიწყო საუბარი. როგორც რადიო თავისუფლებისთვისაა ცნობილი, ზარქუას ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა.
16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ".