პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, "უბედური შემთხვევა" უწოდა ქვეყნის აღმოსავლეთში სამშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებას. ვარშავა ინციდენტს ქვეყანაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშად არ აფასებს.
„სამშაბათს პშევოდუვში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არ ყოფილა პოლონურ მხარეზე თავდასხმა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ რაკეტა რუსეთის მიერ იყო გაშვებული“, - განაცხადა დუდამ.
თუმცა, მან იქვე განმარტა, რომ ტრაგედიაში რუსეთია დამნაშავე, რომელმაც მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე და სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თავდასხმას იგერიებდა, პოლონეთის საზღვრებში ჩავარდა.
დუდას თქმით, შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ მომხდარი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია, შესაძლოა, დარჩენილი საწვავის აფეთქებასთან ერთად.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დაამატა, რომ შეგროვილი მტკიცებულებები, ასევე ამერიკული მხარის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.
მანვე აღნიშნა, რომ ნატოს წესდების მე-4 მუხლის გააქტიურება ამ ეტაპზე შესაძლოა, არ იყოს საჭირო, „მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჩვენს განკარგულებაშია“. მე-4 მუხლი ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს აშფოთებს.
15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 16 ნოემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლონეთში არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩავარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "დიდი შვიდეულის" (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ - ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერსს" ნატოელმა წყარომ აცნობა ოთხშაბათს.
აფეთქებამ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გლობალური შეშფოთება გამოიწვია უკრაინის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გაფართოების შესაძლებლობაზე.
უკრაინის საჰაერო ძალები კი გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს გამოძიებას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ სიმართლის დასადგენად.