პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის აფეთქების გამოძიება გრძელდება და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ანჯეი დუდას განცხადებით, დღეს, 16 ნოემბერს გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგანგებო სხდომა, რომელზეც პოლონეთი, დიდი ალბათობით, მოითხოვს ნატოს წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას. ის ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს აწუხებს. დუდას ინფორმაციით, ნატო საბრძოლო მზადყოფნაშია, პოლონეთმა კი, შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გააძლიერა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სიმტკიცე და სიფრთხილე უნდა შეინარჩუნონ. პრემიერის ინფორმაციით, პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის კონტროლი გააძლიერა და რაკეტის აფეთქების გარემოებების გამოსაძიებლად საერთაშორისო ექსპერტები მიიწვია.
15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე, მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“
15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე.